Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ სრულად აღადგინა რეგულარული ავიამიმოსვლა


დღეიდან, 1 თებერვლიდან საქართველომ სრულად გააუქმა კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე 2020 წლის 21 მარტიდან დაწესებული შეზღუდვები.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვის მოხსნის შესახებ ავიაკომპანიებს უკვე აცნობა და აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს, როგორც ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში სასურველ საჰაერო ხაზებზე ფრენების განახლების, ისე ზაფხულის სეზონის მიმართულებებისა და სიხშირეების თაობაზე.

ამასთან, სააგენტოს განცხადებით, „გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში კვლავაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან პერიოდულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ცვლის სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს“.

საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. პირველ ეტაპზე განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის რეისები. 2020 წლის ნოემბრიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით.

რეგულარული ავიამიმოსვლის შეწყვეტის პერიოდში სრულდებოდა ჩარტერული რეისები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელავივის მიმართულებებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG