Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ოპონენტებს მიმართავს, თავი შეიკავონ სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებებისგან


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნება“ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის განიარაღების მიზანმიმართულ მცდელობად აფასებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, „თითქოს გარეჯი საქართველო არ არის“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორი მძაფრი და უკომპრომისოც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს“.

სარჯველაძის განცხადებით, ამის ნაცვლად მიმდინარეობს „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული კამპანია“, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები ქართულ საზოგადოებას უმტკიცებენ, „თითქოს გარეჯი საქართველო არ არის“.

მიხეილ სარჯველაძის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით და გამორჩეული მიზანდასახულობით ებრძვიან თავის სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას".

სარჯველაძის განცხადებით, მმართველი პარტია არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი თუ მოქმედი ქართველი პოლიტიკოსები და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა პირდაპირი ვალდებულება იყო, მაქსიმალურად დაეცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფთრებით ცდილობენ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით დამტკიცებული 1938 წლის რუკის უარყოფას, არავალიდურ დოკუმენტად გამოცხადებას და იმ მტკიცებულების დეზაუირებას, რომელიც ცალსახად ადასტურებს ისტორიულ-სამართლებრივ ფაქტს, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია:

„ამ ფონზე, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის პროცესი არ დასრულებულა, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, როგორც 2005, 2006, 2007 და 2008 წლებში, ისე დღეს და იმ აბსურდის მტკიცება, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება წარმოდგენილი იქნას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად“.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, „ეს არის საქართველოს მომავალი სახელმწიფო დელეგაციის განიარაღების მიზანმიმართული მცდელობა, რამაც მოლაპარაკების პროცესში სახელმწიფოებრივ ინტერესებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან და ერთი შეხედვით ხელისუფლების დაზიანების მიზნით წარმოებული აბსურდული პროპაგანდით ნუ დააზიანებენ ქართულ სახელმწიფოს.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ აზერბაიჯანთან ერთად, აუცილებლად შეძლებენ ეროვნული ინტერესების დაცვას და საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას ისე, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას შეეფერება.

28 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ისინი პროკურატურამ 2020 წლის ოქტომბერს დააკავა „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართული ქმედებისთვის. გამოძიების თანახმად, ბრალდებულთა მონაწილეობით, საქართველოს საზიანოდ შეთანხმდა აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთი, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

მელაშვილი აცხადებს, რომ რუკა, რომლის გამოც მას და ილიჩოვას ბრალი დასდეს, გამოუსადეგარი იყო და ეს ექსპერტიზითაა დადასტურებული.

თავის მხრივ, პროკურატურა ამბობს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაული უკვე დამტკიცებულია და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმ პირთა დასადგენად, ვისი დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG