Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალება მოხდა. აუნ სან სუ ჩი და სხვა ლიდერები დააპატიმრეს


აუნ სან სუ ჩი
აუნ სან სუ ჩი

ბირმაში (მიანმარი) 1 თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. დილით დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, პარტიის „ნაციონალური ლიგა დემოკრატიისათვის“ ლიდერი აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისა და სადავო არჩევნების შედეგად დაწყებული მღელვარების აღკვეთის მიზნით, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ თავისი ტელევიზიის საშუალებით ბირმაში 1 წლით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.

სამხედრო ძალებმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადეს მინ შვე, ყოფილი გენერალი და ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

1 თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ბირმის მთავარ ქალაქ იანგონში, ადმინისტრაციის შენობის წინ განლაგდა ათეულობით შეიარაღებული ჯარისკაცი. იუწყებიან, რომ დედაქალაქ ნეიპიდოსთან გაწყვეტილია სატელეფონო კავშირი.

ბირმელი სამხედროები აცხადებენ, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსების დაპატიმრება პასუხია იმ მაქინაციებზე, რასაც 2020 წლის ნოემბრის არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი. ოფიციალური ცნობების თანახმად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, აუნ სან სუ ჩის ლიდერობით მოქმედმა პარტიამ „ნაციონალური ლიგა დემოკრატიისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა 396 ადგილი და მთავრობის ფორმირების უფლება. ბირმის (მიანმარის) სამხედრო სარდლობის მიერ მხარდაჭერილ „სამართლიანობისა და განვითარების კავშირის პარტიას“ მხოლოდ 33 მანდატი ერგო წილად.

აშშ-მა, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა დაგმეს ბირმაში მომხდარი სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო ლიდერების დაპატიმრება და მოუწოდეს სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ დიალოგის გზით აღადგინოს ქვეყანაში პოლიტიკური თანხმობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG