Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლების სანქციების შემდეგ, უშიშროების სამსახურმა ჩაშალა კომპანია „მოტორ სიჩის“ აქციონერთა შეკრება


უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს აქციონერთა შეკრების ჩატარების შესაძლებლობა უკრაინულ კომპანია „მოტორ სიჩს“, მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა იმ ჩინურ ფირმებს, რომლებიც სამხედრო-საავიაციო მრეწველობასთან დაკავშირებული უკრაინული ფირმის აქციების შეძენას გეგმავდნენ.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა 31 იანვარს განახორციელეს რეიდი ქალაქ ზაპაროჟიეში, სადაც „მოტორ სიჩის“ მთავარი ოფისი და ქარხანა მდებარეობს.

ქარხნის წინ კი გაიმართა სამოქალაქო აქტივისტების აქცია, რომელზეც ჩინური კომპანიების მიერ "მოტორ სიჩის" აქციების შეძენას "რეიდერულ თავდასხმას" ადარებდნენ.

როგორც უკრაინული მედია წერს, ჩინური კომპანიები Skyrizon Aircraft-ი და Xinwei Technology Group-ი აპირებდნენ საავიაციო კომპანია „მოტორ სიჩის“ აქციათა 50%-ზე მეტის შესყიდვას. და აქციათა მხოლოდ 25%-ზე მეტი რჩებოდა უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კონსორციუმს - „უკრობორონექსპორტს“.

29 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა განკარგულებას კომპანია „მოტორ სიჩის“ ჩინელი ინვესტორების მიმართ სანქციების ამოქმედების თაობაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა 14 იანვარს სანქციების სიაში შეიყვანა ჩინური კომპანია Beijing Skyrizon Aviation-ი.


აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ჩინური კომპანია „Skyrizon“-ი საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სანქციებში მოხვდა კიდევ სამი კომპანია: Twinstar Holdings SA, რომელიც სასამართლო გზით ცდილობდა „მოტორ სიჩის“ აქციების შეძენის უფლების მიღებას, JET4U SRL (დარეგისტრირებულია მოლოდოვაში) და JET4U LDA (დარეგისტრირებული პორტუგალიაში).

მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, „მოტორ სიჩის“ 82 წლის მეპატრონე, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, მხარს უჭერს ჩინელ ინვესტორებს და აცხადებს, რომ კომპანიას სჭირდება ახალი კაპიტალი მოდერნიზებისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
მაგრამ აშშ-ისა და უკრაინის ხელისუფლებების ცალკეული წარმომადგენლები შიშობენ, რომ ჩინელი ინვესტორები მოიპარავენ კომპანიის ტექნოლოგიებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინულ კომპანიას, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავების და შვეულმფრენის ძრავებისა და რედუქტორების წარმოებითა და ექსპლუატაციითაა დაკავებული.

„მოტორ სიჩთან“ თანაშრომლობს საქართველოს საავიაციო საწარმო "თბილავიამშენი", რომელმაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გააფორმა ხელშეკრულება უკრაინულ კომპანიასთან საბრძოლო მი-24-ი ტიპის შვეულმფრენების ძრავების მოდერნიზაციისა და რემონტის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG