Accessibility links

site logo site logo

"მოქალაქეების" ლიდერები პირველად დაესწრებიან პარლამენტის სხდომას


საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებად პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეული ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პირველად დაესწრებიან პარლამენტის პლენარულ სხდომას.

„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG