Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ნადირაშვილი: ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი


ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერებისგან თავის შეკავებით „ქართული ოცნება“ კანონმდებლობას არღვევს, რადგან ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში შეუძლებელია.

„ირაკლი კობახიძემ გამოიყენა გაუგონარი ტერმინები საბოტაჟთან დაკავშირებით, ამ მოტივით მათ უარი თქვეს, რომ ოპოზიციას შეუწყვიტონ საპარლამენტო მანდატები, ეს გაუგონარი ქმედებაა, როდესაც არსებობს განცხადებები და ადამიანები უარს ამბობენ გაყალბებული არჩევნების შედეგის მიღებაზე, ამ ვითარებაში ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა, ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის მეტი დროის მიცემა გადაწყვეტილების მისაღებად სინამდვილეში არის დრო „ქართული ოცნებისთვის“, რომ „პარლამენტში დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ“:

„ვფიქრობ, რომ საერთო სურათი მაინც ვერ შეიცვლება, ერთი და ორი ადამიანის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შეიცვლის ხასიათს და ის არ იქნება ჩრდილო კორეის საკანონმდებლო ორგანო.

ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სურთ პარლამენტში შესვლა, უკვე გვესმის დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისათვის, თითქოს მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ნება და ექცევიან სხვების ბულინგის ქვეშ. თუ ვინმეა დაბულინგებული ამ პარლამენტში და თუ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ივანიშვილის გონების კარნახით მოქმედებს, ეს გახლავთ სწორედ ბატონი კობახიძე, რომელიც დღეს მორიგი ბოდვით გამოცხადდა ჩვენს წინაშე“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობა არ უკმაყოფილებს მოთხოვნას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პარტია "ქართულმა ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც პარტია "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეები" შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ 20-მდე დეპუტატს სურს თავისი ადგილის დაკავება პარლამენტში.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად ესწრებიან პარლამენტის სხდომას. "მოქალაქეების" ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ "ქართულ ოცნებას" თხოვა, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ, პროცესის გაჭიანურებას ფარსად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG