Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე ელისაშვილს: აშკარად, შემოყოლილი გაქვთ გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა


„მივესალმები ახლად შემოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე! უბრალოდ, მე ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვიდან მომეჩვენა უკვე, რომ მათ გავლენა შემოჰყვათ, ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომთ, რომელთაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან, აშკარად, შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. კარგია, აქ რომ ხართ, მაგრამ ჯობს, რომ ცოტა მეტი მაინც იყოთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას ჩვენ აუცილებლად მოგცემთ და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ, უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ბოლომდე გავლენისგან და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ასე მიმართა დიმიტრი ხუნადძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომლისთვისაც ეს პირველი პარლამენტის სხდომა იყო დეპუტატის რანგში.

არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებული ეჭვები, რაც შესაძლოა ალეკო ელისაშვილს ჰქონდეს, მიუღებელი აღმოჩნდა თეა წულუკიანისთვისაც.

„თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?“ -ჰკითხა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.

„მოქალაქეებმა“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ დაახლოებით 20-მდე ოპოზიციონერს უნდა მანდატების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG