Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადმოდგას ნაბიჯები ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ ნაბიჯის გადადგმას ურჩევს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი სწორი გზაა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემდა ოპოზიციას, პარლამენტის კედლებში დაიწყოს მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იმ გამოწვევების გადასალახად, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

„მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ რადგან მათ დღეს არ უყარეს კენჭი მანდატების შეწყვეტას, გამოყენებული იქნას ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნებისა და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ისეთი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც აღარასოდეს აღარ დაბადებს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში, რომ ის ასახავდეს ნამდვილად ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა უმრავლესობის მიერ ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებისგან თავის შეკავების ფაქტის კომენტირებისას ბადრი ჯაფარიძემ. იგი ამბობს, რომ პოლიტიკაში რადიკალიზმისა და წითელი ხაზების დაწესება ცუდია და „ოცნების“ მხრიდან წითელი ხაზების დაწესებას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

პარლამენტის დღევანდელ სხდომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს, საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.

XS
SM
MD
LG