Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგო ჩიხლაძე: მეც მაინტერესებს, გვითხრას ბატონმა კობახიძემ, ვინაა ის 20 ოპოზიციონერი, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებს


სერგო ჩიხლაძე
სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე სპეკულაციად და მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, კერძოდ, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტში შესვლას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 20-მდე ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს.

„მეც მაინტერესებს, გვითხრას ბატონმა კობახიძემ, ვინ არიან ეს ადამიანები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“.

„ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მესიჯია იმიტომ, რომ სამი თვე ჰქონდათ და თუ ვინმე გადასაბირებელი ჰყავდათ, როგორც ჩვენ ვნახეთ სხვა დეპუტატების შემთხვევაში, ამას გააკეთებდნენ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის წინაპირობების შესახებ კიდევ ერთი საჯარო განცხადება გასულ კვირაშიც გააკეთა და პოზიციების შეცვლას არ აპირებს.

„სპეკულაციები რომ დამთავრებულიყო, კიდევ ერთხელ, ყველა პარტიამ, ვინც მანდატებზე უარი განაცხადა, საჯარო განცხადებაც გავაკეთეთ. მე მგონი ნათლად ვთქვით, რომ ვართ იგივე პოზიციაზე. ცოტა უხერხულია ახლა, ყოველდღე ვიმეოროთ იგივე“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ „დილის საუბრებში“.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

პარლამენტის სხდომას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა ისიც, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც პარტია "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეები" შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ 20-მდე დეპუტატს სურს თავისი ადგილის დაკავება პარლამენტში.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. 2 თებერვალს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG