Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელის თქმით, მხარეთა შესათანხმებლად კვლავ „ჯადოსნური სივრცის“ გაჩენას ელიან


ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში 2 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრა, რომლის საფუძველზეც ოპოზიციას მანდატები არ გაუუქმდა, სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთან, მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებამ ხელახალი ათვლის წერტილი გააჩინა მოლაპარაკებათა დინამიკის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტში ყოფნისას განაცხადა მედიასთან საუბარში. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა.

„ამავე დროს, ვიტყოდი, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების შანსი გაიზარდა. ჩვენ კვლავ ველით იმ ჯადოსნური სივრცის აღმოჩენას, სადაც ყველა მხარე შეთანხმდება. როგორც იცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგაც ბოიკოტის რეჟიმშია.

გულწრფელად გეტყვით, რომ ეს მოლაპარაკებები კვლავაც რთულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ ჩანს კონკრეტული სვლა არც ერთი მხრიდან, რაც შემმატებდა იმის განცდას, რომ შესაძლებელია ფართო შეთანხმების მიღწევა, რომლის შემუშავებაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები, ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ ძირითადი მესიჯი უცვლელია, ყველა მხარეს კვლავინდებურად ბევრი მუშაობა დასჭირდება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ეს. ამავე დროს, ჩვენ, ფასილიტატორებიც გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ასევე ვიფიქრებთ ამ დიალოგის მომავალზეც და რამდენად მიგვაჩნია, რომ დიალოგის ამჟამინდელ ფორმას რეალური შანსი აქვს კონკრეტული შედეგის მიღწევის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, საფიქრალია ფასილიტატორთა როლზეც, მხარეთა შორის მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკების გათვალისწინებით.

„ჩვენ დღეს ჩართულები ვართ, მაგრამ, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ ამდენი კვირის შემდეგ, როდესაც მხარეებს შორის წინსვლა არ ხდება, ჩვენც ვიფიქროთ - სასარგებლო იქნება თუ არა ჩვენი როლი, დიალოგის ფორმატი და ასე შემდეგ მომდევნო დღეებში და კვირებში. ამაზე დავფიქრდებით, და ამას ყველა მხარესთან ერთად გავაკეთებთ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

პარლამენტის სხდომას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეკრება, რომლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს რამდენიმე მოსაზრებაზე დაფუძნებული პრაგმატული გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ კანონის დარღვევით ცდილობს, დრო მაქსიმალურად გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. 2 თებერვალს ისინი პირველად დაესწრნენ პარლამენტის სხდომას. „მოქალაქეების“ ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს, საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შემდეგ.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ „ქართულ ოცნებას“ სთხოვა, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG