Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა კრემლის პროპაგანდას უტევს


უკრაინის ხელისუფლებამ, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობა, 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ეთერიდან გათიშა პრორუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსების მფლობელობაში არსებული  უკრაინული ტელეარხები: 112, NewsOne-ი და ZIK-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებს ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის - „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ (ოპს) - წევრი, უკრაინაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს მედიასაშუალებები, სინამდვილეში, ამ ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ფიგურის, ვიქტორ მედვედჩუკის, მფლობელობაშია.

ცხადია, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ წევრებმა ხელისუფლების ნაბიჯი შეაფასეს, როგორც არასასურველ მედიასთან ანგარიშსწორება. მათ აზრს იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა ყურადღება გაამახვილონ უკრაინის ხელისუფლების ნამოქმედარზე.

ტელეარხების მიმართ სანქციების გამოყენებას არაერთგვაროვნად შეხვდა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მე-7 წლისთავზე პრორუსულად მიჩნეული უკრაინული ტელეარხების მიმართ დაწესებული სანქციების თაობაზე გაკეთებულ შეფასებებში ძირათადად მაინც უფრო დადებითი შეფასებები ჭარბობს

საგანგებო სხდომა ზელენსკის ოფისში

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, პრორუსულად განწყობილი უკრაინული ტელეარხების მიმართ სანქციების საკითხი 2 თებერვლის საღამოს გადაწყდა უკრაინის პრეზიდენტის, თავმჯდომარეობით გამართულ ნაციონალური უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

დეპუტატ ტარას კოზაკისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების მიმართ სანქციების დაუყოვნებლივ შემოღების საფუძვლად იქცა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული გამოძიება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მოწოდების სქემა ხელს უწყობს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ფინანსურ ტერორს.

უკრაინული მედიის თანახმად, ამ დანაშაულის ფიგურანტის წინააღმდეგ დაწესდა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების თავიდან არიდების, ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით“ განსაზღვრული სანქციები, რაც მიღებისთანავე ამოქმედდა და მყისიერად მოჰყვა სამი ტელეარხის - 112-ის, NewsOne-ისა და ZIK-ის - ეთერიდან გათიშვა.

თუმცა ისინი ინტერნეტით განაგრძობენ მაუწყებლობას.

ამ ტელეარხებს ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის - „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ - წევრი. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებას ყველაზე დიდი აღშფოთებით პრორუსული საპარლამენტო ძალა შეხვდა.

„სამი ტელეარხის დახურვა პრეზიდენტის განკარგულებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ეს არის დიქტატურა. განკარგულება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას“, - დაწერა ფეისბუკში ოპოზიციური გაერთიანება ოპს-ის წევრმა, ვადიმ რაბინოვიჩმა.

უკრაინის მედიის თანახმად, სანქციების ქვეშ მოყოლილი მედიასაშუალებების - უკრაინული ტელეარხ 112-ის, NewsOne-ისა და ZIK-ის - რეალური მფლობელია ვიქტორ მედვედჩუკი, ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ფიგურა. მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი აირჩია თავისი ქალიშვილის ნათლიად, უარყოფს ტელეარხების ფლობას.

პრურუსული პოლიტიკური ძალა „სიცოცხლის პლატფორმა“ კი აპირებს ჩაატაროს საგანგებო ყრილობა და ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმპიჩმენტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით იმუქრება.

ტელეარხების ეთერიდან გათიშვასთან დაკავშირებით ზოგიერთი პროფესიონალი აცხადებს, რომ, კანონის მხრივ, ყველაფერი უნაკლოდ არ გამოიყურება.

ჟურნალისტთა ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი ტომილენკომ, „სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად“ შეაფასა უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი.

„უკრაინაში რეგისტრირებული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების უკრაინელ მფლობელთა პოლიტიკური შეხედულება დანაშაულს არ წარმოადგენს. უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალური საბჭო ამ საგანგებო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციას, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციას და ჩვენს პარტნიორებს, მასობრივი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ეუთოს ოფისს“, - განაცხადა ტომილენკომ.

წუხელვე გავრცელდა კულუარული ცნობა, რომლის თანახმად, პრეზიდენტთან არსებული ნაციონალური უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე განკარგულებას მხარი არ დაუჭირა ვერხოვნა რადის სპიკერმა, დმიტრი რაზუმკოვმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთ-ერთმა ყველაზე დაახლოებულმა პოლიტიკოსმა.

3 თებერვლის დილით რაზუმკოვმა დაადასტურა, რომ, მართლაც, თავი შეიკავა კენჭისყრის დროს, რადგან მიაჩნია, რომ სანქციების შემოღება ტელეარხების წინააღმდეგ „ცუდია“.

მაგრამ უკრაინის პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო აქტივისტების უფრო დიდი ნაწილის აზრით, კიდევ უფრო ცუდი ისაა, როდესაც ტელეარხები, სინამდვილეში, რუსეთის დეზინფორმაციულ პლატფორმას წარმოადგენენ.

“სავსებით და ბოლომდე ვემხრობი ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხების წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს. ჩვენ ომში ვიმყოფებით. და ჩვენ, მეომარმა მხარემ, დავხურეთ იმ ადამიანის ტელეარხები, რომელიც ღიად უჭერს მხარს აგრესორ ქვეყანას“, - დაწერა ფეისბუკში ყოფილმა ჟურნალისტმა და ვერხოვნა რადის ყოფილმა დეპუტატმა, მუსტაფა ნაიემმა.

სერჰეი ლეშჩენკომ, უკრაინის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ამ არხებს, ქვეყნის შიგნით კრემლისტური პროპაგანდის გავრცელების გამო, "რუსეთის ტროას ცხენი" უწოდა. ლეშჩენკო YouTube-ს მოუწოდებს აკრძალოს ამ არხების მაუწყებლობა.

ვაშინგტონთან „პოზიტიური ფონის“ შესაქმნელად

უკრაინული მედიის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მედიის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ სანქციებს უწესებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ახლო მოკავშირის კუთვნილ მედიასაშუალებებს, რაც კიევის მხრიდან ქვეყნის შიგნით კრემლის მომხრე და ვაშინგტონისათვის მიუღებელი ფიგურებისა და კომპანიების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უნდა მიეთვალოს.

თან, ეს ნაბიჯები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან სწრაფად, ერთი მეორის მიყოლებით, გადადგა.

29 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას კომპანია „მოტორ სიჩის“ ჩინელი ინვესტორების მიმართ სანქციების ამოქმედების თაობაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა 14 იანვარს სანქციების სიაში შეიყვანა ჩინური კომპანია Beijing Skyrizon Aviation-ი.

2 თებერვალს კი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მმართველმა პარტია „ხალხის მსახურმა“ თავისი რიგებიდან გარიცხა დეპუტატი ოლექსანდრ დუბინსკი, რომელიც აშშ-მა არჩევნებში ჩარევაში ეჭვმიტანილ პირთა სიაში შეიყვანა.

ისევე როგორც პარლამენტარი ანდრეი დერკაჩი, რომელსაც აშშ-მა შარშან სექტემბერში დაუწესა სანქციები, კავშირში იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პირებთან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის, მაკომპრომეტირებელი მასალების მოძიებით იყვნენ დაკავებულ

უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი, იური პანჩენკო, ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ფარულმა ჩანაწერებმა ოლექსანდრ დუბინსკისა და მისი კოლეგა დეპუტატის, ანდრეი დერკაჩის, ჩარევით გაჟონა, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების გარეშე. რაკი ოლექსანდრ დუბინსკი მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრია, იყო საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გაჟონვა შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ყოფილიყო შეთანხმებული.

„ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკი ეძებს კავშირებს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან. ორშაბათს (1 თებერვალს) გაიმართა პირველი სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის. ამ საუბრამდე ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება დუბინსკის თაობაზე. ამ საუბრის შემდეგ მიღებული იქნა მორიგი სენსაციური გადაწყვეტილებები: სანქციები დაუწესდა უკრაინული კომპანია „მოტორ-სიჩის“ ჩინელ ინვესტორებს, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, საფრთხეს უქადიან აშშ-ის უსაფრთხოებას. ბოლოს კი სანქციები დაუწესდა ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაში არსებულ ტელეარხებს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ბატონი ზელენსკი ქმნის პოზიტიურ ფონს ჯო ბაიდენთან საუბრის მოსამზადებლად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იური პანჩენკომ.

ზელენსკის გათვლა, როგორც ჩანს, სწორი აღმოჩნდა. უკრაინაში აშშ-ის საელჩომ 3 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნაციონალური უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ სანქციების შემოღებას ზემოხსნებული სამი ტელეარხის წინააღმდეგ.

„აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის დასაცავად და რუსეთის მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების წუხანდელი ძალისხმევა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა არავის მიეცეს მედიის დეზინფორმაციის იარაღად გამოყენების შესაძლებლობა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ საინფორმაციო ომში“, - ნათქვამია აშშ-ის სელჩოს ოფიციალურ ცნობაში.

მხარი დაუჭირა კიევის მოქმედებას ევროკავშირმაც, რომლის განცხადებაშიც პუტინის ნათელ-მირონ ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაში არსებული ტელეარხების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ უკრაინას უფლება აქვს ებრძოლოს დეზინფორმაციას საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონიერია უკრაინის ძალისხმევა თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების, მათ შორის საზღვარგარეთიდან მომდინარე უკრაინის ინტერესების საზიანო საინფორმაციო მანიპულაციებისაგან თავის დასაცავად, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ძირითადი უფლებების პატივისცემით და არა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხარჯზე“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის, პრესმდივნის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.

ერთადერთი მოსკოვია, ვინც გადაჭრით დაგმო და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაში დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა ყურადღება გაამახვილონ უკრაინის ხელისუფლების ქმედებაზე.

„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავგმოთ უკრაინის ხელისუფლების მოქმედება. ტელეარხების შეზღუდვა და მათი საქმიანობის აკრძალვა ეს არის ისეთი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება არც საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შესახებ საერთო წარმოდგენას“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, იმ ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა, რომელიც, საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, არათავისუფალი ქვეყნების ბოლოშია და სადაც ჟურნალისტებს დევნიან, სასტიკად უსწორდებიან და აპატიმრებენ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

ზელენსკის დაცემული რეიტინგის ასამაღლებლად

3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „მძიმე გადაწყვეტილება“ უწოდა სამი ტელეარხისათვის სანქციების დაწესებას და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამ აიძულა გადაედგა ასეთი ნაბიჯი.

„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ არა აგრესორი სახელმწიფოსგან მომდინარე პროპაგანდას, რომელიც ძირს უთხრის ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით მიმავალ უკრაინას. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ესაა ბრძოლა საინფორმაციო ომში, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ წარმოებს“, - დაწერა ზელენსკიმ თავის ტვიტერში.

მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მისმა მთავარმა ოპონენტმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომელიც პოლიტიკურად გამოუცდელმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამაჯერებლად დაამარცხა 2019 წლის მაისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

პოროშენკო აცხადებს, რომ მედვედჩუკის კუთვნილებაში არსებული ტელეარხები უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომში რუსეთის აშკარა იარაღად იქცნენ.

„ამ ომში უკრაინას აქვს უფლებაც და ვალდებულებაც, რომ დაიცვას თავი მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, - აცხადებს პეტრო პოროშენკო.

ამასთან, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ მან და მისმა გუნდმა 2018 წელს მოამზადეს დადგენილება პრორუსული უკრაინული არხების შეზღუდვის შესახებ, რომლის მიღებაც კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

„ჩვენ ამის მიღება გადავდეთ არჩევნების შემდეგ. მაგრამ არჩევნებში გაიმარჯვა ბატონმა ზელენსკიმ. და, სხვათა შორის, სამივე ეს არხი სწორედ მას უჭერდა მხარს“, - განაცხადა პოროშენკომ.

ეს, მართლაც, ასე იყო. მაგრამ ახლა ზელენსკისათვის სამივე ეს არხი ერთგვარ თავის ტკივილად იქცა იმ ფონზე, როდესაც, ბოლო გამოკითხვით, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი ეცემა და ის მხოლოდ მცირედით უსწრებს მთავარ კონკურენტ პეტრო პოროშენკოს.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ზუსტად 3 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 19,8 %-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, 15,7 % კი უპირატესობას პეტრო პოროშენკოს ანიჭებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG