Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირმა კიევი გააკრიტიკა პრორუსული მედიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის


ჟოზეპ ბორელი

ევროპის კავშირმა გააკრიტიკა უკრაინა მას შემდეგ, რაც კიევმა სანქციები დაუწესა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირესთან. უკრაინის ეს გადაწყვეტილება ნაწილია ქვეყნის შიგნით კრემლის მომხრე პიროვნებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა.

სანქციების თაობაზე კიევის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ოფისი.

„მაშინ, როცა კანონიერია უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევა, რაც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების, ასევე ინფორმაციის მანიპულაციის დაცვისკენ, ეს არ უნდა ხდებოდეს მედიის თავისუფლების ხარჯზე, და უნდა ხდებოდეს ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით,“ ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ევროკავშირის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ კონტაქტი ექნებათ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ამ საკითხის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს ხელი მოაწერა მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ სანქციებს სამი სატელევიზიო არხის წინააღმდეგ, რომლებსაც ფორმალურად ფლობს ტარას კოზაკი, პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის, "სიცოცხლის პლატფორმის" წევრი. თუმცა, უკრაინის მედიის თანახმად, ეს მედიასაშუალებები - უკრაინული ტელეარხი 112, NewsOne-ი, და ZIK-ი - რეალურად ვიქტორ მედვედჩუკის მფლობელობაშია, რომელიც არის ფრაქციის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მედვედჩუკი, რომელმაც პუტინი აირჩია თავისი ქალიშვილის ნათლიად, უარყოფს ტელეარხების ფლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG