Accessibility links

logo-print logo-print

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები გამოეხმაურნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის პატიმრობას


ამერიკის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, და ევროკავშირის ელჩი - კარლ ჰარცელი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა კომენტარი გააკეთეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას:

„იგი [ზაზა გახელაძე] გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ევროკავშირი ძალიან სერიოზულად აკვირდება და მოითხოვს უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG