Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11-წლიანი პაუზის შემდეგ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა


თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ დღეს, 8 თებერვალს, თელავის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველად გამოჩნდა. მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 5 ახალი ავტობუსი ჰყავს, რომელიც 4 მიმართულებით დილის 08:00-დან, საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს.

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და მოხდება დაკვირვება იმაზე, თუ სად იქნება მგზავრთა უფრო მეტი ნაკადი. ამის მიხედვით დადგინდება საბოლოოდ ის მარშრუტი, რომელსაც საკრებულო დაამტკიცებს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყება მგზავრთა მოსაცდელების აშენებაც, რისთვისაც დაახლოებით 300-350 ათასი ლარი იქნება საჭირო. საკრებულოში ამბობენ, რომ სატესტო რეჟიმის ფარგლებში მგზავრობა იქნება უფასო.

მუნიციპალური ტრანსპორტის სამართავად სპეციალური სამსახური შეიქმნა. თელავის მერიას დაქვემდებარებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ადგილობრივი ბიუჯეტიდან საწყის ეტაპზე 600 ათასი ლარით დაფინანსდა.

თელავისთვის 5 ახალი ავტობუსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით იყიდა. პროექტი ორწლიანია და საბოლოოდ თელავმა ეტაპობრივად 40 ავტობუსი უნდა მიიღოს, რომელიც ქალაქთან ერთად სოფლებსაც მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ბოლოს 2010 წელს გაიარა. მაშინ ტრანსპორტი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით გაჩერდა და ასეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს ავტოსადგომზე, სადაც შემდგომ გაიძარცვა და ნაწილ-ნაწილ დაიშალა.

დღეიდან, 8 თებერვლიდან, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 28 ნოემბრის შემდეგ იყო გაჩერებული. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით ან პირადი ავტომობილებით შეეძლოთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG