Accessibility links

site logo site logo

ფლინტი და ფალუელი - მტრები და მეგობრები


ფილმში ლარი ფლინტის და ჯერი ფალუელის სასამართლო პროცესია აღწერილი

ინგლისური სიტყვა controversial ქართულად მოხდენილად, ერთი სიტყვით ყოველთვის ვერ ითარგმნება. კონტექსტს გააჩნია. უფრო ხშირად ნიშნავს, რომ ვინმე ან რამე მკვეთრად განსახვავებულ დამოკიდებულებას, განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს.

ლარი ფლინტი, რომელიც 10 თებერვალს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ სიტყვის განსხეულება იყო. პორნოიმპერიის შემქმნელი მულტიმილიონერი გახლდათ, რომელიც პოლიტიკაშიც აქტიური იყო და მილიონებს პირდებოდა, ვინც მისთვის არასასურველი პოლიტიკოსის მამხილებელ ფაქტებს მიაწოდებდა. იბრძოდა ომისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. აქვეყნებდა ქალების დამამცირებელ ფოტოებს. ბეჭდავდა რასისტულ ხუმრობებს. შეურაცხმყოფელ კარიკატურებს.

მის საქმიანობაში ალბათ ყველანაირი მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი აღმოაჩენდა რაიმე განსაკუთრებით მიუღებელს.

მიუხედავად ამისა, ლარი ფლინტი ისტორიას ასევე დარჩება როგორც ადამიანი, რომელიც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვებებსაც აღწევდა.

ამერიკის გარეთ უმეტესობამ პორნომაგნატი მილოშ ფორმანის ფილმით „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ გაიცნო, რომელიც 1996 წელს გამოვიდა. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი კინოსურათი აღწერს ლარი ფლინტისა და გავლენიანი სასულიერო პირის, მემარჯვენე დაჯგუფების „მორალური უმრავლესობის“ დამფუძნებლის ჯერი ფალუელის დაპირისპირებას. ფალუელმა ფლინტს შეურაცხყოფისთვის უჩივლა და არაერთი სასამართლო პროცესი მოუგო, ვიდრე ამერიკის უზენაესი სასამართლო ერთხმად არ გადაწყვეტდა, რომ საჯარო პირს სატირული თავდასხმით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ვერ მოითხოვდა. „თავისუფლების ფასი ისაა, რომ დროდადრო მოგვიწევს იმის ატანა, რაც მაინცდამაინც არ მოგვწონსო“ - ამბობს ფილმში ფლინტის ადვოკატი.

ლარი ფლინტის წინააღმდეგობით აღსავსე ბუნებას ამ ფილმში აღწერილი მოვლენების შემდეგ მომხდარი აჩვენებს კარგად. 2007 წელს, როდესაც ფილმის ანტაგონისტი ჯერი ფალუელი გარდაიცვალა, ფლინტმა „ლოს ანჯელეს ტაიმსში“ გრძელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მასთან დამეგობრების ისტორიას აღწერდა.

საქმე იმაშია, რომ ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ლარი კინგმა თავის გადაცემაში მიიწვია ეს ორი ადამიანი, რომლებიც აქამდე ერთად მხოლოდ სასამართლო დარბაზებში მსხდარან და ვისაც ერთმანეთზე ცუდის მეტი არაფერი უთქვამთ.

ლარი ფლინტი იხსენებს, გადაცემის დროს ფალუელი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტაო. „დღემდე არ ვიცი, ეს შესარიგებლად გააკეთა, მაყურებლის თვალში რომ დიდსულოვანი გამოჩენილიყო თუ უბრალოდ ჩემს დასაბნევად“ - იხსენებდა შემდეგ. გადაცემის შემდეგ რამდენიმე დღეში ფალუელი ფლინტის ოფისში მივიდა და საჯარო დისკუსიების ჩატარება შესთავაზა.

დაუძინებელი მტრები მოულოდნელად დამეგობრდნენ. ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ. შობას ულოცავდნენ. კამათობდნენ.

ფლინტი იხსენებს, როდესაც ფალუელმა „ტელეღიპუცების“ წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო (იასამნისფერი ტელეღიპუცა, ტინკი-ვინკი გეიაო ამბობდა) დავურეკე და ტელეფონში ვუყვიროდი, „დაანებე ტინკი-ვინკის თავი, ჰომოფობოო“.

მისი შეხედულებები და გამონათქვამები ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და ასევე დარჩა - წერდა ფლინტი - თუმცა ის მაინც ჩემი მეგობარი გახდა. დედამ მასწავლა, რაც უნდა საზიზღრად გეჩვენებოდეს ადამიანი, ახლოს რომ გაიცნობ, რამე მაინც მოგეწონება მასშიო.

ალბათ ჰალუელიც მასზე იმავეს ფიქრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG