Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში დაგმეს  ზაზა გახელაძის თავისუფლების აღკვეთა


ზაზა გახელაძე
ზაზა გახელაძე

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისია გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისათვის გამოტანილ განაჩენს. სპეციალურ განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ ეს არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები რომ შეესრულებინა. განცხადების თანახმად, ზაზა გახელაძისთვის 5 თებერვალს გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მცდელობისა, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები- დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

ამერიკის შეერთებული შტატების მისია ეუთოში რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისაკენ მოუწოდებს. მისია რუსეთისგან მოითხოვს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა.

ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ეუთოში დიდი ბრიტანეთის დელეგაციაც და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა. განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ მიმდინარე დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია გამიზნულადაა შექმნილი რეგიონში დესტაბილიზაციისთვის და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენს. დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ ეუთოში კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მხარეს 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ.

11 თებერვალს ქართული მხარის ინიციატივით ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს დელეგაციამ მკაცრად დაგმო ეს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეები. ამავე ცნობით, სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინის დელეგაციებმა და ასევე კანადის დელეგაციამ ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG