Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე მელიას იმუნიტეტის შესაძლო მოხსნაზე: პარლამენტი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს


არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ პროკურატურა პარლამენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს, პარლამენტი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს. „პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, - უთხრა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს.

მან ნიკა მელია გირაოს გადახდის წინ პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობასა და პოლიტიკურ ჰალუცინაციებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იგი კანონმდებლობაში ცალკე ჩაწერილი არ არის და მართლმსაჯულება მას მოექცევა ისე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. არჩილ თალაკვაძე ამბობს იმასაც, რომ ნიკა მელიას გადასაწყვეტია, პოლიტიკურ პროცესს პატიმრობიდან გაჰყვება თუ თავისუფლებაში:

„რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური კალენდარი ვერ გახდება და ვერ უკარნახებს მართლმსაჯულებას, სასამართლოს თუ პროკურატურას, როგორ უნდა იმოქმედონ მათ კანონდარღვევის შემთხვევაში. პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ისე, როგორც ამას კანონზომიერება განაპირობებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას აქვს ზუსტად საკუთარ ხელში ეს არჩევანი, სურს პოლიტიკურ პროცესს გაჰყვეს პატიმრობაში, თუ სურს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს გარეთ ყოფნის პირობებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას. ეს იყო 2019 წლის 26 ივნისს, როდესაც დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა დღეს ეწურება. მელია ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანაპარტიელები ამ თანხას არ გადაიხდიან და ამის გამო „ვერ დაიჭერენ“.

მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG