დასავლეთის ქვეყნები ბირმის (მიანმარი) არმიას მოუწოდებენ "თავი შეიკავოს ძალადობისგან" დემონსტრანტების წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა იკვეთება ნიშნები, რომ უსაფრთხოების ძალები ემზადებიან რეპრესიებისთვის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არმიის მიერ ორი კვირის წინ მოხდენილ გადატრიალებას.
14 თებერვალს, გვიან საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის და ევროპის 12 ქვეყნის საელჩოები გმობენ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას და ჟურნალისტებზე ზეწოლას, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ და აკრიტიკებენ არმიის მიერ საკომუნიკაციო ქსელების ჩახშობას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მიანმარის ხალხს მათ მისწრაფებაში დემოკრატიის, თავისუფლების, მშვიდობის და კეთილდღეობისკენ. მსოფლიო თვალყურს გადევნებთ" - წერია განცხადებაში.
რანგუნის და სხვა ქალაქების ქუჩებში დაჯავშნული მანქანები გამოიყვანეს, იმ ფონზე, როცა უკვე მეცხრე დღეა გრძელდება დემონსტრაციები, რომლებშიც ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ქვეყნის ჩრდილოეთში გამართულ აქციაზე ისმოდა ავტომატური იარაღის ხმა, უსაფრთხოების ძალებს და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. გაურკვეველია რა ისროლეს, რეზინის თუ ნამდვილი ტყვიები.
კომუნიკაციების ქსელების ოპერატორებმა თავიანთ კლიენტებს აცნობეს, რომ მათ ღამით საინტერნეტო მომსახურების გაუქმება უბრძანეს.
1 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალებით დაამხეს სამოქალაქო მთავრობა, რომელსაც აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობდა. მისმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებზე, მაგრამ არმია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იყო. აუნ სან სუ ჩის გარდა, დაკავებულია კიდევ ასობით აქტივისტი და პოლიტიკური ლიდერი.