Accessibility links

logo-print logo-print

პრორუსული NGO-ები გახარიას საქართველოში Sputnik V-ის შემოტანას სთხოვენ


პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში შემოიტანოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V.

მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს კოვაქსპლატფორმასთან, რომელზე განთავსებული ვაქცინების „გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე, არ არის ცნობილი“.

ამავდროულად, ვაქცინაციით დაინტერესებულ პირებს არ ეძლევათ საშუალება, „უსაფრთხო და ეფექტიანი“ რუსული ვაქცინით აიცრან, რითაც ირღვევა ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

„სამწუხაროდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების სურვილებს შეიძინონ ალტერნატიული რუსული ვაქცინა "SputnikV", რაც, სამწუხაროდ, აძლევს ამ თემას პოლიტიკურ ელფერს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, „რუსული კორონავირუსის საწინააღმდეგო "Sputnik V" ვაქცინას, თავისი უპირატესობების გამო, შეუძლია მსოფლიო წარმატების მიღწევა. ბრიტანეთის სამეცნიერო ჟურნალში "The Lancet" გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინად თვლის, და მსგავს დონის ცნობილ Pfizer-BioNTech და Moderna ვაქცინებთან, მას ერთ რიგში აყენებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“; ევრო-აზიური "ალიანსი"; „საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა ეროვნული კონგრესი“ „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“; საქველმოქმედო ფონდი „წყარო“.

ეს განცხადება კარგი მაგალითია იმის საილუსტაციოდ, როგორ იყენებს რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა სატელიტ ჯგუფს „კონკრეტულ მომენტში არსებული საინტერესო დღის წესრიგის წამოსაწევად და საზოგადოებაში დისკუსიის გასაჩენად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი სოფო გელავა.

მისი სიტყვებით, განცხადებაზე ხელმომწერები არიან „რუსული სამყაროს“ წევრი ორგანიზაციები, რომელთა მსგავსიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ინსტიტუტებს.

სოფო გელავას სიტყვებით, საქართველოში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად დაკავებული არიან ხოლმე 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის ორგანიზებით. სხვა დროს კი „ახმოვანებენ კრემლის დღის წესრიგს ერთი ერთში“.

მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ მიუღია განაცხადი COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის.

Sputnik V-მ რუსეთში 11 აგვისტოს გაიარა რეგისტრაცია და გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რეგისტრირებული ვაქცინა მსოფლიოში.

მაგრამ Sputnik V-ის რეგისტრაცია მოხდა მისი შემოწმების პროცესის დასრულებამდე, რამაც ექსპერტთა და მეცნიერთა თანამეგობრობაში ეჭვები გააჩინა მისი ეფექტიანობის თაობაზე.

2 თებერვალს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა.

საქართველო ვაქცინის საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს კოვაქსპლატფორმასთან, ხელისუფლების პოზიცია ცნობილია - საქართველოში შემოვა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული ვაქცინა.

„ჯერ არავინ იცის, მიიღებს თუ არა რუსული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ჩვენ covax-თან ისეთი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, რომ გვექნება ვაქცინის არჩევის უფლება. ჩვენ სხვა ვაქცინებზე გვაქვს აქცენტი“, - ეუბნება ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას.

11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობას მიღებს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მწარმოებელმა დაუდასტურა „ასტრაზენეკას" ვაქცინის დამატებით 150 000 დოზის გამოყოფის შესახებ.

მთავრობის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან 30 ათასამდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლითაც პირველ ეტაპზე 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკი უნდა აიცრას.

საქართველოში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა იგეგმება. მათ შორის, გათვლილია, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი წილი (65%) სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG