Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ; შეხვედრაზე ვერაფერზე შევთანხმდით - თბილისის ვიცე-მერი


თბილისის მერიაში, ვიცე-მერსა და ვაკის პარკში ტერიტორიის მფლობელ ინვესტორს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - მერია ინარჩუნებს პოზიციას, რომ რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება და იმავე ზომის რესტორნის მშენებლობაზეც უარს აცხადებს.

„რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს?! ჩვენთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა მედიასთან ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, ინვესტორს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი, თუმცა ამაზე უარი ითქვა, რის გამოც, შეხვედრა შეუთანხმებლად დასრულდა.

„იმის მიზეზი, რომ ისინი არ თანხმდებიან ადგილმონაცვლეობას, არის ის, რომ აქ სასტუმროს აშენების იმედი აქვთ. ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორსაც დღეს დილით მიმართეს და ვერც ვერანაირად, ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში, მივალთ ადგილმონაცვლეობასთან“, - ამბობს ხმალაძე.

15 თებერვლის დილას, ვაკის პარკში ინვესტორმა მძიმე ტექნიკა მიიყვანა. სამუშაოები, მცირე დროში, მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა.

ტერიტორიის მფლობელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ მერია თანახმაა, გადაუხადოს მას 20 მილიონი ლარი, თუმცა მომავალში.

„თანხა ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ არ გვინდა 2030 წელს დავიწყოთ მისი აღება. თუ გვაძლევენ, მოგვცენ ახლა თანხა, თუ აგვაშენებინებენ 20 მილიონის ფარგლებში, აგვაშენებინონ რესტორანი. თუ მოგვცემენ, მოგვცენ მიწის ნაკვეთი“, - ამბობს ის.

რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ინვესტორის გამარჯვებით დასრულდა 2019 წელს, თუმცა მას მშენებლობის ნებართვა არ აქვს 2015 წლის დადგენილების საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG