Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: მონებო, ვერ გამასამართლებთ


„მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, დღეს მოვიდოდა პროკურორი ჩემს გასასამართლებლად პარლამენტში?“, - ამ კითხვით ნიკა მელია ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს. ნიკა მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით:

„მივმართავ ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი რაუნდი, ჩვენ უნდა შევსულიყავით პარლამენტში და გვთხოვდა ამას და დავუშვათ შევსულიყავით, მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა, არა, ვის ინტერესის სფეროში ვიქნებოდი? მონებს აღარ აქცევენ ყურადღებას... ეს 90 ადამიანი, რომლებიც აქ სხედან, ესენი არიან მონები. მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე, მურუსიძე, ესენი არიან მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ. და ის მონა, მურუსიძე რომ გელოდებათ, შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს. მონა ვერ გაასამართლებს საქართველოს ვერცერთ ღირსეულ მოქალაქეს. იმიტომ, რომ 20 ივნისს გავბედე და მივედი და ვიყავი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, გავრილოვის ხელის დარტყმით, ვერ დამიჭერთ. გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ და გეგონათ, რომ უკანონობით, უსამართლობით, ფონს გახვიდოდით და თავს დაგვახრევინებდით. მაგრამ არ დავხრით თავს, პირიქით, წელში გავიმართებით. თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, თქვენ ხართ მონები, ბიძინა ივანიშვილის მონები და ბიძინა ივანიშვილი სხვისი მონაა, გავრილოვის და მისი ხელმძღვანელობის. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები, კმარა, როდემდე უნდა გაგრძელდეს, თითქოს კანონის სახელით ხალხის გასამართლება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე, მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, ალეკო ელისაშვილს ვეკითხები, ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, აქ უნდა ვიბრძოლოთ, რომ შემოვსულიყავი პარლამენტში, დღეს პროკურორი იქნებოდა მოსული პარლამენტში ჩემს გასასამართლებლად? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, რადგან ნიკა მელია აღარ დაგჭირდებოდათ, რადგან თქვენნაირი მონა ვიქნებოდი“.

დეპუტატების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

კენჭისყრამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს, ამირან გულუაშვილს ჰკითხა, დღევანდელი მდგომარეობით ხომ არ არის გადახდილი გირაოს თანხა ნიკა მელიას ან სხვა პირების მიერ, რაზეც პროკურორისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

კომიტეტების თანხმობის შემდეგ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს, გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. აქციაზე, რომელიც მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მან საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნიან, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, „დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს“.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG