Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობას 7 მოთხოვნით და წინადადებით მიმართეს


საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა

კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 10-მა ბიზნესასოციაციამ 7-პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.

სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკოსების, ბიზნესის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოყვანის პროცესის აქსელერაციის მიზნით კი მნიშვნელოვანია თამამი ნაბიჯების გადადგმა. ბიზნესასოციაციები აუცილებლად მიიჩნევენ:

1. „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2 საათით, 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს;

2. შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნესსექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება;

3. კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეულ დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგალითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით;

4. 22 თებერვლიდან სარესტორნო/კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები;

5. მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტიურად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების გენერირება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით;

6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან;

7. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით.

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ითხოვენ, პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობით, ეპიდემიოლოგებთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრას, რათა ერთად მოიძებნოს კრიზისიდან ეკონომიკის სწრაფად გამოყვანის გზები.

მიმართვას ხელს აწერენ: „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია”, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“, „საქართველოს რითეილერთა ასოციაცია”, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია”, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი”, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია “, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია” და „საქართველოს სასტუმროების ფედერაცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG