Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: საქართველო 1990-იანი წლების წარსულისკენ მიდის


პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს, რომ ერთ დროს სამაგალითო საქართველო ახლა გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრუნდება. ფოტიგა შეშფოთებულია საქართველოდან მიღებული ცნობებით.

„მაშფოთებს ცნობები საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც წარსულში სამაგალითო იყო სხვებისთვის, ახლა კი მიდის თავისი ბობოქარი წარსულისკენ, როგორც 1990-იან წლებში. მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება“ - წერს „კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა.

ანა ფოტიგა ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს 2020 წელსაც. სოციალურ ქსელში ის წერდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე. ევროპელმა დეპუტატმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებად მიიჩნია ოპოზიციონერი ლიდერების - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება პრეზიდენტის მიერ.

2020 წლის მაისში, ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებულ მისასალმებელ განცხადებას ტვიტერზე შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი - მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრები“.

ფოტიგას განცხადებები ასევე შეეხებოდა კიდევ ერთ პატიმარს, "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას. „ბრალდებები ყალბად გამოიყურება და ისინი უნდა გაუქმდეს“ - წერდა ევროპელი დეპუტატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არც სასამართლო პროცესს დასწრებია და თავისი ნებით არც საპატიმროში აპირებს წასვლას. მხარდამჭერებთან ერთად ის ამ წუთამდე პარტიის ოფისში რჩება.

შს სამინისტრომ დროებით გადადო მელიას დაკავების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG