Accessibility links

site logo site logo

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს


დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში, გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით იმოქმედონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს.

“ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას.

გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს”, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან ოპოზიციური პარტიების სახელით, ფასილიტატორების შუამავლობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა ხელისუფლებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დანიშვნის მოთხოვნით.

პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხემ კიდევ უფრო გაამწვავა.17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG