Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და ფულის საკითხი


ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კვლავ სუფთა ჰაერით სუნთქვა დაიწყო.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ნატოს უფრო უჭერს მხარს, და საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც აღარ თვლის, რომ ნატო „ტვინით მკვდარია“, ცხადია, დაეხმარნენ ალიანსს, რომ თავი უფრო მხნედ იგრძნოს, მაგრამ ჰორიზონტზე პირქუში ღრუბლები იყრის თავს, როცა უნდა გაირკვეს, რაზე უნდა იყოს ნატო კონცენტრირებული თავის სამომავლო მოქმედებისას და, როგორც ყოველთვის, როგორ უნდა დაფინანსდეს ყველაფერი..

ტრანსატლანტიკური გაზაფხულის პირველი ნიშნები გამოჩნდა ამ კვირაში, როცა ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ვიდეო ხიდის საშუალებით პირველი შეხვედრა გამართეს აშშ-ის ახალ თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან. ამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, „გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ურთიერთობის ახალი თავი გადავშალოთო“.

ამ ახალი რომანის მომავალი თავები შეიძლება გადაიშალოს უკვე მომავალ კვირაში, როცა სახელმწიფო მდივანი, ტონი ბლინკენი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და მიაღწევს - თუ პანდემიამ ამის საშუალება მისცა -უფრო დიდ სიმაღლეებს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე პრეზიდენტ ბაიდენის მონაწილეობით კორნუელში, შემდეგ ევროკავშირის ლიდერებთან ბრიუსელში და ნატოს დიდ ღონისძიებაზე, რომელიც ევროპასა და აშშ-ს შორის მრავალფეროვანი ურთიერთობის მაჩვენებელია.

სწორედ ამ შეხვედრაზე დახატავს სტოლტენბერგი თავისი ორგანიზაციის უახლოეს ათწლეულს.

ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია 2010 წლის შემდეგ არ განახლებულა. მაშინ ჩინეთი არც უხსენებიათ, ლაპარაკობდნენ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ცხადია, დრო შეიცვალა და სტოლტენბერგს განახლება დაევალება.

დეკემბერში მან ბრძენი ქალებისა და კაცების ჯგუფს სთხოვა, მოემზადებინათ იმგვარი იდეების შემცველი წინადადებები, როგორიცაა ერთი ქვეყნის მხრიდან ბლოკირების გადალახვა, გენერალური მდივნის საშუამავლო უფლებამოსილების გაფართოება და მეტი შეხვედრების გამართვა მინისტრების დონეზე.

ზოგი რამ გაკეთდება, ზოგიც უარყოფილი იქნება, მაგრამ მან დაამატა ერთი პრობლემა, რომელიც მას აწუხებს: ალიანსის ცნობილი გამოწვევა - ფინანსების საკითხი.

წინა კვირაში ალიანსის 30 წევრისთვის წარდგენილი წინადადების თანახმად, ნატომ კოლექტიურად უნდა დააფინანსოს მოკავშირეთა ტერიტორიებზე შეკავების ოპერაციები, რითაც უარი ეთქვა ამჟამად მოქმედ სისტემას, როცა ერთი მოკავშირე გაიღებს ხოლმე ხარჯს ჯარების განთავსებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შეეხება ნატოს საბრძოლო ჯგუფებს ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, ასევე შავი ზღვის რეგიონში და, ამასთან, სხვა თავდაცვით ინიციატივებს, როგორიცაა საჰაერო პოლიცია, საზღვაო ოპერაციები და მუდმივი სამხედრო-საზღვაო ძალები.

ჯერ არაა ცხადი, რა პროცენტის გადახდა მოუწევს ნატოს, ან რამდენად უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი წლიურად, რომ ეს ხარჯები დაიფაროს.

მაგრამ საინტერესო ასპექტია ის, რომ ნატოს ხაზინაში შესატანი თანხა სამხედრო ხარჯებისთვის ორი პროცენტი იქნება. ეს სასიამოვნოდ ჩაესმით ყურში ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა კანადა, გერმანია და იტალია, რომლებიც ჯერ არ არიან მიახლოებული იმ მდგომარეობასთან, რომ გამოყონ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვისთვის, მაგრამ დიდი წვლილი შეაქვთ ნატოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო ინიციატივების დასაფინანსებლად.

ეს რიცხვი მუდმივი გახდა ალიანსისთვის, დიდ წილად აშშ-ის დაბეჯითებით მოთხოვნის შედეგად.

ჯერჯერობით მხოლოდ აშშ და რვა სხვა ქვეყანა აღწევს ამ ნორმას. მართალია, ზოგიერთ სხვა სახელმწიფოსაც შეუძლია ამ დონის ხარჯი გაიღოს უახლოეს წლებში, მაინც არავის სჯერა, რომ 2014 წლის „უელსის დაპირება“, რომ 2024 წლისთვის ალიანსის ყველა წევრმა უნდა გაიღოს თავდაცვისთვის ორი პროცენტი, ოდესმე შესრულდება.

საფრანგეთი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს აფრიკას, შედეგად, დიდ ხეირს ვერ ნახავს. პარიზმა უკვე გამოხატა თავშეკავება, მაგრამ უფრო რეალური საკითხავი ისაა, როგორ გაიგებს აშშ შეთავაზებას.

ბრიუსელში ხმაური ადასტურებს, რომ ამერიკელები ყურადღებით სწავლობენ წინადადებას.

ვაშინგტონმა, რომელიც ხელს უწყობს როგორც პოლონეთში თავის ყოფნას, ასევე სამხედრო-საზღვაო ოპერაციებს, ამ შეთანხმებით შეიძლება მოგება ნახოს, მაგრამ ხედავს, რომ თუ დათანხმდება, სხვებს საშუალებას მისცემს თავდაცვის ხარჯებზე უარი თქვან.

ბაიდენის ადმინისტრაციას უფრო შემრიგებლური ტონი აქვს მოკავშირეებთან. პრეზიდენტი ტრამპი ოთხი წლის განმავლობაში ბრალად სდებდა მათ „დანაშაულში“, რომ არ შეჰქონდათ სათანადო წვლილი ალიანსის დაფინანსებაში.

მაგრამ ბაიდენს, ასევე, სავარაუდოდ, სურს, რომ ევროპელებმა მეტი წვლილი შეიტანონ თავდაცვაში და ეს იქნება გაწონასწორებული ქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ახლო მომავალში პანდემია დაასუსტებს ეკონომიკას.

მუქარით, დავტოვებ ალიანსსო, ტრამპმა შეძლო ნატოს საერთო ბიუჯეტში ამერიკის წილის შემცირება.

ნატოს ბიუჯეტი, რომელიც წელიწადში ორ მილიარდ ევროს უდრის, სახელმწიფოთა შენატანით ივსება. წილი ეფუძნება წევრის მთლიან შიდა პროდუქტს.

აშშ ფარავს მათ 16 პროცენტს, ანუ იმდენს, რამდენსაც გერმანია. აღნიშვნის ღირსია, რომ 2021 მეშვიდე წელია, რაც ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ სამხედრო ხარჯების ზრდის სახით სულ დამატებით გაიღეს 190 მილიარდი დოლარი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ტრამპს ვერ მივაწერთ, მაგრამ ალიანსში ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპისეულმა „შოკურმა ტაქტიკამ“ გარკვეული ეფექტი იქონია.

ამდენად, მაშინ როცა ალიანსმა მეტი უნდა იზრუნოს რუსეთისა და ჩინეთის, ან, სულაც, წევრი ქვეყნის, თურქეთის, ანტაგონისტური ქცევის გამო, სავსებით შესაძლებელია, ტრანსატლანტიკურ ქორწინებაში ფულის საკითხი კვლავაც მთავარ საკითხად დარჩეს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG