Accessibility links

site logo site logo

მყიფე პოლიტიკური სამართალი - იშვიათი პრაქტიკები და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები მელიას საქმეში 


თითქმის შეუძლებელია იმის თქმა, როდის ან როგორ დააკავებენ ნიკა მელიას, არც იმის განსაზღვრაა მარტივი, რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს მისი დაკავება ან არდაკავება, თუმცა საუბარი პრაქტიკებზე, რომელიც პირველად გამოიყენეს მის წინააღმდეგ, შესაძლებელია, ისევე როგორც პოლიტიკურ ამინდზე დამოკიდებულ სამართალზე.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს, 11-ის ნახევარზე დატოვა, როგორც თქვა, გუნდში ნიკა მელიას დასჯის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერის გადადგომის გამო, გადაიდო ნიკა მელიას დაპატიმრებაც. ცოტა ადრე, დილის 9 საათიდან 10 საათამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულები იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც უშუალოდ ნიკა მელიასთან ითხოვდნენ გასაუბრებას - მათ პარტიის ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.

მელიას დაპატიმრების გადადება მიჩნეულ იქნა იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ საქართველოში ძალოვანი სისტემები და მართლმსაჯულება პოლიტიკურ ინსტრუმენტებად არის ქცეული.

„ღონისძიება გადადებულია უამინდობის გამო”, - ამგვარ განცხადებას ახსენებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნიკა სიმონიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, „გადაედო” ნიკა მელიას დაპატიმრება. იმის მიუხედავად, რომ ამ გადაწყვეტილებამ დიდი ალბათობით პოლიტიკურ კრიზისში კიდევ უფრო ღრმად შესვლისგან მართლაც დაიცვა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მის მიღებას კავშირი არ უნდა ჰქონოდა რომელიმე, თუნდაც უმაღლესის საჯარო მოხელის ქცევასთან.

„თუმცა, ასე რომ გავყვეთ, არც სასამართლოს უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, არც პარლამენტს, არ პროკურატურას უნდა მოეთხოვა რასაც ითხოვდა და ასე შემდეგ”, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი, რომელიც საბოლოო ჯამში მელიას დაპატიმრების გადადებას, თუნდაც დროებით, შედეგის თვალსაზრისით დადებითაც აფასებს.

„თუ პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელია, პრემიერი პოლიტიკურ გუნდში როგორ განიხილავდა, თუ რას იზამდა პროკურატურა ან სასამართლო?” - კითხულობდა იურისტი გიორგი მშვენიერაძე ფეისბუკის პირად გვერდზე, გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკოსების საჯარო განცხადებების კვალდაკვალ.

ნიკა მელიას საქმე შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტების ილუსტრაციად იქცა. მაგალითად:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ გაავრცელა განცხადება, რომ დასჯიდა ყველას, ვინც პოლიციას ხელს შეუშლიდა ნიკა მელიას დაუყოვნებლივ დაპატიმრებაში, პრემიერის გადადგომის შემდეგ კი თავად გადადო მელიას დაკავება.
  • საქართველოს პროკურატურა სასამართლო სხდომაზე ცდილობდა, აეხსნა, რატომ ეპატიებოდა ნიკა მელიას რიგი სამართალდარღვევები, მაგალითად ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საჯაროდ მიმართავდა საზოგადოებას, რისი უფლებაც სასამართლოს ძალით შეზღუდული ჰქონდა, ან გადაადგილდებოდა ისე, რომ პროკურატურას ამის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა და რატომ არ ეპატია სხვა სამართალდარღვევა, მაგალითად, ელექტრონული სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა აქციაზე და ასევე დემონსტრაციულად უარის თქმა დაკისრებული გირაოს გადახდაზე.
  • სასამართლო ცდილობდა, არ დაეტოვებინა ეჭვები თავისი დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა იმ დროს, როცა საქმე განიხილებოდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის სიახლოვეს, სადაც ნიკა მელია იყო გამაგრებული მხარდამჭერებთან ერთად, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ხდებოდა.
  • პარლამენტიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ პროკურატურისგან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას, თუმცა იმ დღეს, როცა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა, დარბაზში არ შეუშვეს მისი ადვოკატები. უპასუხოდ დარჩა ასევე კითხვა, რომელიც ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მისამართით დასვა - იქნებოდა თუ არა ის სამართლებრივი დევნის ობიექტი მაშინ, თუკი დეპუტატის მანდატს გამოიყენებდა და არ იქნებოდა პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში.
  • სასამართლო და პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობაზე წარმოებს, საუბრობენ სამართალსა და სამართლებრივ სახელმწიფოზე ისე, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია 20 ივნისის აქციის დარბევის საქმე და დაზარალებულთა უმეტესობას სახელმწიფოსგან შესაბამისი სტატუსი მიღებული არ აქვს. არ არის დადგენილი სამართალდამცავების, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა მანიფესტანტების წინააღმდეგ დისპროპორციული, დაუსაბუთებელი ძალის გამოყენებისთვის. ამ მოვლენებიდან თითქმის 20 თვის გასვლის მიუხედავად, დღემდე არ არის გამოკვეთილი, ვინ მართავდა საპოლიციო შენაერთებს და იღებდა გადაწყვეტილებებს.

„ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება”, - თქვა 18 თებერვალს ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, როცა ცდილობდა აეხსნა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზები მმართველი პარტიის შიგნით, რაც გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა.

„ნიკა მელიას მიმართ მიმდინარე საქმის ქრონოლოგია და განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები საქმეზე მიიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, რაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი გამოცდილებაა”, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში, რომელიც მათ მანამ გაავრცელეს, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყოდა, რომ პრემიერის გადადგომის გამო გადაიდო ნიკა მელიას დაპატიმრების პროცესი. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ხელისუფლების მხრიდან პოლიციის/პროკურატურის და სასამართლოს ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური კრიზისების საპასუხოდ, გარდა იმისა, რომ აჩვენებს ამ ინსტიტუტების პოლიტიზირების მძიმე შედეგებს, ის ავლენს ხელისუფლების უუნარობას, პოლიტიკური დიალოგის გზით დაძლიოს ქვეყანაში არსებული გამოწვევები”.

„კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული”, - ეს სხვა განცხადების ფრაგმენტია, რომელსაც 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ისინი მოითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება მანამ არ აღასრულოს, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გარანტირებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას.

18 თებერვალს პოლიტიკური მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რთული სათქმელია, როგორ მოიქცევა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე პოლიცია ან ხელისუფლება. ამ დღეს მოქმედმა პრემიერმა თანამდებობა დატოვა, დღის მეორე ნახევარში კი ახალი პრემიერი დასახელდა, რომელსაც ნდობა პარლამენტმა ახლო მომავალში უნდა გამოუცხადოს. როგორც უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, სამართლებრივად ეს საქმე უკვე არის საქმე, სადაც ბრალდების მხარემ და სასამართლომ იშვიათი და სუსტად დაუსაბუთებელი შემდეგი პრაქტიკები გამოიყენა:

  • გამკაცრებული აღკვეთის ღონისძიება: გირაოს დამატებული ელექტრონული მონიტორინგი და სხვა შეზღუდვები, მაგალითად, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება. იურისტების განმარტებით, გირაოც და ელექტრონული მონიტორინგიც დამოუკიდებლად თვითკმარი აღკვეთი ღონისძიებებია და მათი ერთდროულად გამოყენება საგულისხმო პრაქტიკაა.
  • შერჩევითი სამართალი მელიას სასარგებლოდ: ნიკა მელია მთელი წინასაარჩევნო კამპანიისას არღვევდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პირობას საჯარო მიმართვების შესახებ და პროკურატურა ამ დარღვევაზე არაერთი თვის განმავლობაში თვალს ხუჭავდა.
  • გირაოს დამატებული გირაო: მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური აქციაზე დემონსტაციულად მოიხსნა, ანუ უარი თქვა დამატებით აღკვეთის ღონისძიებაზე, პროკურატურამ მისთვის დაკისრებული გირაოს ოდენობის გაზრდა მოითხოვა - გირაო მელიას ამ დროისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა, 30 000 ლარი, 70 000 ლარამდე გაიზარდა. „ბრალდების მხარე აბსურდშია შესული. სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას ან არ, ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია”, - ამბობდა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი 2019 წლის ნოემბერში. ამ დროს ნიკა მელია უკვე ამბობდა, რომ გაზრდილ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა.
  • პატიმრობის მოთხოვნა დასაბუთების გარეშე: იმის მიუხედავად, რომ ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და სამართლებრივი თვალსაზრისით კანონი დაარღვია, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გამართლებულად არ მიაჩნდა მაგალითად სახალხო დამცველს.
    „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული. აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება”, - წერდა სახალხო დამცველი 16 თებერვალს, როცა პარლამენტს მოუწოდებდა, არ დაეჭირათ მხარი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისთვის.

„სამართალი მხოლოდ ინტერპრეტაციაა“, - თქვა პროკურორმა ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლემ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

„იყო - არ იყო პრაქტიკაში? პრაქტიკაში რაღაც ხდება პირველად“, - ესეც პროკურორის ფრაზაა ნიკა მელიას 18 თებერვლის სასამართლო სხდომიდან.

მელიას საქმეში არსებული პრაქტიკები და სამართლის ამგვარი, პოლიტიკურად მოტივირებული ინტერპრეტაციები აჩენს ეჭვს, რომ რაც ახლა ერთხელ უკვე მოხდა, შესაძლოა მომავალშიც განმეორდეს - სხვა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

ეპიზოდი 1 - პოლიტიკური ლიდერი: ნიკა მელია - გზაგასაყარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:06 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG