Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორი: გამოვიძიებთ გუშინ შსს-ს თანამშრომლების ქცევას პარლამენტთან აქციაზე


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან პარლამენტთან გუშინ გამართული აქციის დროს, სადაც "ლელოს" 5 წევრი და სხვა 15 აქტივისტი დააკავეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ, თავად ინსპექტორის აპარატმა გაავრცელა - მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები", – წერია განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის მცდელობისას სამართალდამცავებმა 19 თებერვალს 20 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

XS
SM
MD
LG