Accessibility links

site logo site logo

ძალაში დარჩა ნავალნის განაჩენი, ის ცილისწამებაშიც ცნეს დამნაშავედ


მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა, რომელიც უკავშირდება გაფლანგვის ბრალდებას - თუმცა ეს ვადა დაახლოებით 50 დღით შეამცირა, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით.

პარალელურად, 20 თებერვალს სხვა სასამართლომ კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი და კრემლის კრიტიკოსი დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ. ცილისწამების განაჩენის ფარგლებში, ნავალნი 850,000 რუბლით (11,500 ამერიკული დოლარით) დაჯარიმდა.

ნავალნი 20 თებერვალს სასამართლოში იყო იმ განაჩენის გასაჩივრებისთვის, რომელიც მას მიმდინარე თვეში გამოუტანეს, უწინდელ, 2014 წლის და კამათის საგნად ქცეულ, გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით.

პროკურატურა სასამართლოს მოუწოდებდა, ძალაში დაეტოვებინა 2 თებერვალს გამოტანილი განაჩენი და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება, პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეცვლილიყო, კანონიერია.

ეს სამი წლის და ექვსი თვის ვადით მისჯილი პატიმრობა შემცირდა ორი წლის და რვა თვის ხანგრძლივობამდე, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით.

სხვა საქმეში, ნავალნი დამნაშავედ ცნეს ცილისწამებაში 94 წლის ომის ვეტერანის მიმართ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კრემლის მიერ ორგანიზებულ ვიდეორგოლში, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად, რომლებიც პუტინს საშუალებას აძლევს, 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში. ნავალნიმ დასცინა ვიდეოკლიპში გადაღებულ პირებს და მათ "კორუმპირებული ლაქიები და მოღალატეები" უწოდა. ნავალნის მოკავშირეები ამ სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ პერფორმანსს უწოდებენ, ნავალნი რუსეთის ოფიციალურ პირებს მის წინააღმდეგ საქმის შეთითხვნაში სდებს ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG