Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების დაწესებაზე კრემლთან დაკავშირებული პირებისთვის


ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლთაც ძალაში შედის პოლიტიკაში გავლენიანი პირის და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკისთვის და კრემლთან კავშირების მქონე სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის დაწესებული სანქციები.

ზელენსკიმ ბრძანებას ხელი მოაწერა 20 თებერვალს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესდა მედვედჩუკს, მის ცოლს, ოლგა მარჩენკოს, კიდევ იმ ექვს პირს და 19 კომპანიას, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ოლიგარქთან არიან დაკავშირებული. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა.

სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. მედვედჩუკის ქონების უდიდესი ნაწილი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული.

უკრაინამ ასევე გამოაცხადა, რომ მოხდება იმ ნავთობსადენის ნაციონალიზაცია, რომელსაც რუსეთის ნავთობპროდუქტები ევროპაში გადააქვს და რომელსაც, გავრცელებული ვარაუდით, მედვედჩუკი აკონტროლებს.

ეს ზომები ამ ეტაპზე ბოლოა ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში, რომელთა მიზანია იმ უკრაინელების შეზღუდვა, ვისაც, მათი კრიტიკოსების თქმით, ახლო კავშირები აქვთ კრემლთან.

კიევში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის "ძალისხმევას სანქციების მეშვეობთ დაიცვას თავისი სუვერენულობა და ტერიტორიული მთლიანობა".

20 თებერვალსვე ვიქტორ მედვედჩუკმა მისთვის დაწესებულ სანქციებს უწოდა "არალეგიტიმური" და "უკანონო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG