Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა


საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, 4 დღით ადრე ვიდრე საბჭოთა ჯარები საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ.

1921 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც 17 თავისა და 149 მუხლისგან შედგებოდა, 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს ეყრდნობოდა. ამ კონსტიტუციით ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოს პარლამენტში, უნივერსიტეტებში, აქტივისტები აპირებენ კარავი 1921 გაშალონ პარლამენტის წინ და დაიცვან ის უფლებები, რომელსაც არაკონსტიტუციურად ზღუდავს სახელმწიფო.

კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ " ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი გაერთიანდეს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ" და საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ "ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს."

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა. დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა თხუთმეტი წევრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მანამდე არსებული კომისიის მასალები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო. კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მას ჯერ - რაჟდენ არსენიძე, ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.

კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. 1921 წლის 21 თებერვალს, როცა თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო, ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG