Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრია "ფართო მხარდაჭერას" ელის რუსეთისთვის ნავალნის გამო ევროკავშირის ახალი სანქციების დაწესებაში


ალექსანდრ შალენბერგი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ალექსანდრ შალენბერგი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი მოელის, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შეიმუშავებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საქმის გამო.

ამ ნაბიჯს ევროკავშირი სავარაუდოდ 22 თებერვალს გადადგამს, როცა ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, - ამბობს შალენბერგი ინტერვიუში გერმანიის გაზეთ Welt am Sonntag-თან. "საგარეო საქმეთა საბჭოში განვიხილავთ შესაფერის რეაქციას ნავალნის საქმესთან მიმართებით", - ამბობს შალენბერგი.

ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, მოიცავს მიზანმიმართულ ზომებს კონკრეტული ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიმართ, და ამ ზომებს მიიღებენ ბლოკის მიერ სანქციების ახლახან შემუშავებული ინსტრუმენტით, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დამრღვევთა დასჯა.

შალენბერგი ამბობს, რომ სანქციების თაობაზე ბლოკის 27 წევრისგან მოელის "ფართო უმრავლესობით მხარდაჭერას", თუმცა დასძენს, რომ სანქციები უნდა იყოს "პოლიტიკურად გონივრული და იურიდიულად გამყარებული".

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი 21 ივლისს ტვიტერით წერს, რომ 22 თებერვალს დანიშნულ, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ "ევროკავშირის მოქმედებაზე". ბორელის თქმით, რუსეთის სასამართლოები კვლავაც უგულებელყოფენ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს (ECHR) განჩინებას, რომელიც რუსეთს ნავალნის გათავისუფლებას სთხოვს.

20 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა, რომელიც უკავშირდება გაფლანგვის ბრალდებას - თუმცა ეს ვადა დაახლოებით 50 დღით შეამცირა, უკვე მოხდილი სასჯელის პერიოდის გათვალისწინებით. იმავე დღეს, სხვა სასამართლომ კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტი და კრემლის კრიტიკოსი დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ. ცილისწამების განაჩენის ფარგლებში, ნავალნი 850,000 რუბლით (11,500 ამერიკული დოლარით) დაჯარიმდა. კრიტიკოსები ორივე პროცესს აპროტესტებენ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ნავალნი გასულ თვეში დააპატიმრეს, მაშინ, როცა რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა. გერმანიაში ის მკურნალობის კურსს გადიოდა მას შემდეგ, რაც ნერვული აგენტით მოწამლეს. ნავალნი და მისი მომხრეები ამბობენ, რომ მისი მოწამვლა განხორციელდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით.

XS
SM
MD
LG