Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს ეკითხება, სად არის ბადრი ესებუა


"ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ ნახევარი მილიონი დოლარი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?" - ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებამდე სავალდებულო პროცედურაა.

ალეკო ელისაშვილმა მინისტრობის კანდიდატს კითხვა დაუსვა ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეც.

"გრძნობთ თუ არა პირად და უწყებრივ პასუხისმგებლობას ქაქუთში მომხდარ მოვლენაზე, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა უამრავი მოძალადის წინააღმდეგ, აბსოლუტურად დაუცველი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღარ მოხდეს?", - იკითხა ალეკო ელისაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს უნდა მიიღოს.

ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.

საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია მთავრობას დიალოგისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG