Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის მრჩეველი: რუსეთმა, შესაძლოა, "რამდენიმე კვირაში" იხილოს აშშ-ის პასუხი კიბერთავდასხმაზე


ჯეიკ სალივანი
ჯეიკ სალივანი

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი გამოვიდა გაფრთხილებთ, რომ აშშ რამდენიმე "კვირაში, და არა თვეში" გასცემს პასუხს სავარაუდოდ რუსეთის კიბერთავდასხმას, რომელიც დეკემბერში აღმოაჩინეს და რომლის სამიზნეც აშშ-ის მთავრობა და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები იყო.

კიბერთავდასხმა დაიწყო მავნე კოდის შეყვანით აშშ-ის SolarWinds-ის სოფტვერის განახლებაში, რომელსაც მთავრობა და ათასობით ბიზნესი იყენებს.

ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალივანი ამბობს, რომ აშშ-ის პასუხი სავარაუდოდ მოიცავს "უკვე ნანახი და ჯერ არ ნანახი საშუალებების ნაზავს", და "ეს არ იქნება უბრალოდ სანქციები".

"ამაზე მუშაობის პროცესში ვართ და ისე ვიზამთ, რომ რუსეთმა გაიგოს სად ავლებს აშშ ხაზს ამგვარ მოქმედებებში" - თქვა სალივანმა.

ესპერტები SolarWinds-ის გატეხვას აფასებენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და დახვეწილ კიბერთავდასხმად ისტორიაში და გამოდიან ვარაუდით, რომ ასეთი რამ მხოლოდ სახელმწიფო აქტორს ხელეწიფებოდა. თავდასხმამ მიზანში ამოიღო აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახაზინო და ვაჭრობის დეპარტამენტები, კიდევ ათასობით უწყებასთან ერთად.

მოსკოვი უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას - 14 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ რუსეთი "არ ახორციელებს თავდასხმით ოპერაციებს კიბერსფეროში".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მან სატელეფონო საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პასუხი იქნება "აშშ-ის ინტერესების მტკიცე დაცვა, რუსეთის მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებსაც ზიანი მოაქვთ ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის". ბლინკენი ამ განცხადებით მიმდინარე თვეში გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG