Accessibility links

logo-print logo-print

ჟიგიმანტას პავილიონისი - „ძვირფასო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებო, არ დაუშვათ შეცდომები!“


ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

„ჩვენ ყველანი ვიქნებით აქ, ჩვენ ყველანი ქართველები ვიქნებით, თუკი ამ ქვეყანაში საფრთხე შეექმნება დემოკრატიას“, - განუცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა რადიო თავისუფლებას.

„რამდენიმე დღე მქონდა ამ შაბათ-კვირას, თუმცა, ვიმედოვნებდი, რომ ხელისუფლება იქნებოდა ძალიან მკაფიო და ისინი მოუხსნიდნენ ყველა ბრალდებას ოპოზიციონერ ლიდერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს - ნიკა მელიას. დღეს ეს არ მოხდა, მაგრამ მართლა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება ხვალ, რადგან, თუ ხვალინდელი დღე არ დადგება, ისინი ამის ფასს გადაიხდიან.

ისინი ვერასდროს გაასაღებენ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ნორმალურ დასავლეთში. მათ შეუძლიათ ეს ამგვარად გაასაღონ ბელარუსში, რუსეთში, მაგრამ არ მინდა საქართველო დაადგეს ბელარუსის და რუსეთის გზას, რადგან ეს არის გზა არსაით. თქვენ დაკარგავთ ლიდერობას, ქარიზმას, რომელიც ანათებს დასავლეთში.

მსურს, რომ იყოთ ლიდერი და დემოკრატიის წამყვანი რეგიონში, რადგან ეს სჭირდება ბევრ სხვა ქვეყანას - მათ შორის, სომხეთსაც. ჩვენ მათი დახმარებაც გვსურს, მთელი რეგიონი დამოკიდებულია თქვენზე. შეხედეთ, რა ხდება რუსეთშიც კი და სხვა ქვეყნებშიც. დემოკრატია გამოცდას გადის. თქვენ ხართ დემოკრატიის ლაკმუსის ტესტი მთელი რეგიონისთვის, როგორც ჩვენ ვიყავით 30 წლის წინ და ძალიან მგრძნობიარეები ვართ ამ საკითხის მიმართ, რადგან ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც წინ აღუდგა მსგავს საფრთხეს და ვინც დაიცვა დემოკრატია. როცა თავისუფლებას ართმევენ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენ ვრეაგირებთ, რადგან ამით თითქოს ჩვენ გვართმევენ თავისუფლებას“.

ჟიგიმანტას პავილიონისი თვლის, რომ დემოკრატიული ქვეყნების მოვალეობაა ყველა სხვა ქვეყანაში დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები, როცა მათ საფრთხე ექმნება:

„როცა 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მე გავედი ქუჩაში ყველა ჩემს შვილთან ერთად და ეს იყო ყველაზე დიდი ეროვნული დემონსტრაცია ლიეტუვაში ჩვენი დამოუკიდებლობისთვის გამართული დემონსტრაციების შემდეგ, რადგან გვქონდა განცდა, რომ ჩვენს თავისუფლებას უტევდნენ. დღეს თუ საფრთხის ქვეშ თქვენი თავისუფლებაა, ხვალ ჩვენი იქნება. და ჩვენ მართლები ვიყავით. დასავლეთმა არ ირეაგირა საქართველოზე იმ თავდასხმაზე და ამას მოჰყვა უკრაინა, ახლა ბელარუსი ძმები და დები განიცდიან თავდასხმას, რუს დემოკრატებს აპატიმრებენ და სცემენ. თუკი ამ სიმსივნეს გავრცელების საშუალებას მივცემთ, სხვადასხვა ფორმით - კორუმპირებული ოლიგარქების ან სხვა ფორმებით, ვინ გამოვდივართ ჩვენ? - დემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც არ შეგვიძლია ჩვენი ღირებულებების დაცვა. არაფრის კეთებით ბოროტებას აძლევ გასაქანს.

ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო ვაჭრობის, მსოფლიოს ინტელექტუალური ძალის ნახევარს და ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და საშუალებები დემოკრატიების დასაცავად. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ძალიან ბევრ სხვა შესანიშნავ მთავრობასთან ერთად, ლიეტუვის ახალი მთავრობის ჩათვლით. ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ჩვენ აქ ვიქნებით ყოველთვის, როცა საქართველოში იქნება დემოკრატიაზე თავდასხმა. აქ ჩამოვლენ სხვა პოლიტიკოსები, ლიეტუვიდან და არა მხოლოდ - პოლონეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ამერიკიდან. ჩვენ ყველანი ვიქნებით აქ, ჩვენ ყველანი ქართველები ვიქნებით, თუკი ამ ქვეყანაში საფრთხე შეექმნება დემოკრატიას“.

ჟიგიმანტას პავილიონისი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

„ძვირფასო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებო, არ დაუშვათ შეცდომები! გაუძეხით ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთელს ერთან ერთად! განაახლეთ დიალოგი და შეიძლება მიაღწიოთ წარმატებას და საბჭოთა ოკუპაციიდან ასი წლის თავი, რომელსაც აღნიშნავთ, შეიძლება იყოს დასაწყისი რაღაცის გახსნის, ნაცვლად დემოკრატიის დასასრულის დასაწყისისა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG