Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი "ფასადური მითების დანგრევას" გეგმავს


„ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უნდა დაანგრიონ „ფასადური მითები“, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ქვეყნის და მოქალაქეების განვითარებას.

„შეიძლება ითქვას, რომ, მაგალითად, ასეთი მითი არის რაღაც სუსტი სახელმწიფოს იდეა, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ, ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტს, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ფიქრობს, რომ „პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის“ და არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, მისი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის აქცენტი გადატანილი იქნება ახალ ინიციატივებსა და პროგრამებზე, რომლებსაც პირველი ასი დღის განმავლობაში წარმოადგენს:

„ეკონომიკური განვითარების ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ინკლუზიური განვითარება. ეკონომიკური ზრდის სიკეთეები უნდა შეეხოს არა ერთეულებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იდგეს ბიზნესინტერესების სადარაჯოზე“.

ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რათა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და გახდეს „შემოქმედი ერი და არა მხოლოდ სხვისი შრომის მომხმარებელი“.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG