Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: აშშ-თან ურთიერთობას და ნდობას მოფრთხილება სჭირდება


„ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი და საიმედო სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია, „რომელთანაც გვაქვს ძალიან ღია, მეგობრული, უმაღლესი დონის თანამშრომლობა ყველა სფეროში“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ აშშ-ს საქართველოს სახით, რეგიონში ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დასაყრდენი პარტნიორი და ამ ურთიერთობასა და ნდობას მოფრთხილება სჭირდება:

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ არცერთ შემთხვევაში, რომ ის ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებში მიმდინარეობს, გადმოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს უკვე ვნახეთ 2008 წლის ომის პირობებში. ეს აღარ განმეორდება“.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს უკვე ჰქონდა კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან და გაუგზავნა ყოვლისმომცველი წერილი, სადაც აღნიშნულია საქართველოს ხედვა უსაფრთხოების საკითხებსა და აშშ-თან სტრატეგიულ ურთიერთობებზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როცა პრემიერ-მინისტრი იყო (2013-2015წწ.), უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ის ადმინისტრაციაში, მათ შორის, პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და კარგი, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან: „ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც დღეს დაბრუნდა ამერიკის ადმინისტრაციაში. მათთვისაც ჩვენ ცნობილი ვართ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ და ველი იმას, რომ გვექნება მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა ამერიკასთან“.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG