Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი "კახურ კლანზე" დასმულ კითხვაზე: კლანი არ მქონია, შეცდომა ყველას მოსდის


საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დასმული კითხვის გამო "ნაცების რიტორიკას აყოლილი" უწოდა. ელისაშვილმა მას "კახურ კლანსა" და მის კავშირებზე ჰკითხა.

"შემიძლია გიპასუხოთ ამაზე ვრცლად, თუმცა, მგონი, ახლა საინტერესო არ არის. თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ნაცების რიტორიკას და მათ მოგონილს - თითქოს კლანი მაქვს ან მქონდა - უნდა ჩამოყალიბდეთ. თუ ამბობთ, რომ მაქვს - გიპასუხებთ, რომ არ მაქვს. არც მქონია არანაირი კლანი. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ, ურთიერთობები, ეს საინტერესო არ არის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება, ზოგადად გეტყვით, რომ თუ მე ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე და ეს იგულისხმეთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ... რისი თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი - თუ ვინმეს გულისხმობთ, შეიძლება, მე დავზიანდი ყველაზე მეტად - ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის, უშეცდომოები არავინ არის. მით უმეტეს, როცა... ფილოსოფიური საკითხია, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ და აგიხსნით ჩემს მოტივაციას და დამოკიდებულებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ნათესავებზე პირველად 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრა:

"ნათესავებთან დაკავშირებით კითხვების დასმის საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ხომ? ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ აქ ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. შეიძლება ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა მდგომარეობა, ვიღაცამ გადააჭარბა. ხდება ხოლმე და ამაზე ღიად უსაუბრია ბატონ ივანიშვილს და ყველას ჩვენ. ეს ნაცნობი თემაა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ცდილობენ, რამენაირად იხეირონ, ასე ვთქვათ. არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ რამდენიმე ადამიანთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემთან სახლში აღარ მოდიან..."

მაშინ მან ამ საკითხზე მეტი საუბარი აღარ ისურვა და დასძინა: "რაც იყო მაშინ, გავასწორე ყველაფერი. მე თვითონ გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG