Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ მკაცრად დაიცავს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის, თუ ირანიც იმავეს გააკეთებს


 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განიარაღების კონფერენციის მონაწილებს უთხრა, რომ აშშ იმედოვნებს, რომ განავრცობს და განამტკიცებს, ბირთვულ შეთანხმებას, „მოქმედების ერთობლივ და მრავლისმომცველ გეგმას“, რომლის გარშემოც მოხდა შეთანხმება 2015 წელს და რომელზეც აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ უარი თქვა. ბლინკენის თანახმად, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააძლიერებს და გაფართოების შეთანხმებას და ყურადღებას დაუთმობს შეშფოთებებს, სხვათა შორს, ირანს, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში და ბალისტიკური რაკეტების განვითარებას და მათ გავრცელებას.

გერმანიამ უფრო ადრე ირანს მოუწოდა, სრულად შეასრულოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები, რაც, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანის ინტერესებშია.

განიარაღების შესახებ გაეროს მიერ გამართულ კონფერენციაში, ჟენევაში, 22 თებერვალს, ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა თავისი მზადყოფნა, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, და დასძინა: „ირანის ინტერესებშია, შეცვალოს ახლა კურსი, სანამ შეთანხმება ისე არ დაზიანებულა, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს“.

მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მოელის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან „სრულ შესაბამისობას, სრულ გამჭვირვალობასა და სრულ თანამშრომლობას“. სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 21 თებერვალს დაბრუნდა თეირანიდან. ირანმა 22 თებერვალს შეაქო გროსის ვიზიტის შედეგები და ორ მხარეს შორის დროებითი შეთანხმება, რომელიც ინსპექტირებას შეეხება, შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი მიღწევა“.

ირანის მედიას მოჰყავს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიტყვები, რომელმაც დაიპირა, რომ მისი ქვეყანა „ბირთვულ სფეროში უკან არ დაიხევს“. ცნობით, მან ასევე თქვა, რომ ირანი არასოდეს დაიწყებს ბირთვული იარაღის განვითარებას.

თეირანი მოითხოვს, რომ აშშ-მა გააუქმოს სანქციები, რომლებიც 2018 წელს დააწესა ტრამპის ადმინისტრაციამ. ვაშინგტონი ირანისგან მოითხოვს, კვლავაც დაიცვას შეთანხმების ყველა პირობა.

გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის ჯარების მეთაურმა ახლო აღმოსავლეთში, გენერალმა, კენეტ მაკკენზიმ, გააფრთხილა ირანი ყოველგვარი პროვოკაციის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG