Accessibility links

logo-print logo-print

173 ადამიანი ერთ ადგილზე - გერმანიაში სამუშაოს მსურველთა სია იზრდება  


დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლისთვის 86 395-მდე გაიზარდა გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა.

რეგისტრაციის პირველ დღეს, 15 თებერვალს, 24 საათში საქართველოს 35 121-მა მოქალაქემ შეავსო სამთავრობო საიტზე სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საჯარო გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დასაქმდება ყველა, ვინც დამსაქმებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„პროექტში მონაწილეების რაოდენობა გასულ წელს იყო შეზღუდული და საუბარი იყო მხოლოდ 500 მოქალაქეზე, ხოლო წელს ცალსახადაა ნათქვამი, რომ რაოდენობა შეზღუდული არ არის და ის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ 11 თებერვალს.

16 თებერვალს, ანუ ამ განცხადებიდან 5 დღეში, გერმანულ სამთავრობო პორტალზე გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც მითითებულია სად, როდის და რამდენი ქართველი შეძლებს გერმანიაში დასაქმებას.

  • 2021 წლის სეზონზე შეთანხმდა კვოტა 500 სეზონური მუშახელი.
  • პირველ სეზონურ მუშაკებს საქართველოდან ელოდებიან 2021 წლის მაისის დასაწყისში.

გარდა ამისა, გერმანიის მხრიდან ცნობილია ის რეგიონები, საიდანაც ფერმერები ვაკანსიას გზავნიან.

თუკი გერმანული უწყების ინფორმაციას დავეყრდნობით, მაშინ, დღევანდელი მონაცემებით, ერთი სამუშაო ადგილისთვის, დაახლოებით, 172 ადამიანი იბრძვის.

ამ ინფორმაციის შესახებ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია ეკატერინე ტიკარაძეს და არც დასაქმების სააგენტოს გაუცია რადიო თავისუფლებისთვის პასუხი დასმულ შეკითხვაზე: ვის შეეშალა და რატომ არის განსხვავებული ინფორმაცია საქართველოსა და გერმანიაში გავრცელებულ ოფიციალურ წყაროებში. რადიო თავისუფლებამ წერილი მისწერა ასევე გერმანიის დასაქმების სააგენტოს, რომლისგანაც ოფიციალური პასუხი ჯერ არ მოსულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG