Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუშაოდ გერმანიაში - რას ამბობენ, ვისაც სეზონური დასაქმება უნდა 


15 თებერვალს დასაქმების სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში, რაც გულისხმობს 3 თვით გერმანიის რომელიმე სოფელში ვენახებსა და სხვადასხვა პლანტაციაში მუშაობას. დამსაქმებლები გერმანელი ფერმერები არიან. მათ და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირებაში საქართველოსა და გერმანიის დასაქმების სააგენტოები ეხმარებიან.

რეგისტრაციის პირველ დღეს 24 საათში 35 121-მა პირმა შეავსო აპლიკაცია გერმანიაში დროებით დასაქმების თაობაზე.

ერთ-ერთი მათგანია 26 წლის ვალერი კუბლაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ჯერ არ იცის, რა პირობები დახვდება გერმანიაში, დარწმუნებულია, რომ იმაზე უარესი მაინც არ იქნება, რაც ახლა აქვს. პროფესიით ელექტროინჟინერია, მაგრამ ამ სფეროში არ მუშაობს. ოჯახის ექვს წევრს მარტო არჩენს და ხელფასი, რაც აქვს, არასდროს ჰყოფნით.

„სამსახური არ დამიკარგავს, მაგრამ როდესაც უმსხვილეს კომპანიაში მუშაობ და ხელფასს სამარცხვინო 500 ლარს გიგდებენ, სწორედ ეს გიბიძგებს ყველაფრისკენ. მე მაქვს [სოფლის მეურნეობაში მუშაობის] გამოცდილება და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, თორემ ჩემთვის ყველაზე რთულია მივატოვო ყველა და ყველაფერი და ასე შორს წავიდე, მაგრამ ჩემს უკან უამრავი ადამიანი დგას, რომლებსაც იმედს ვერ გავუცრუებ“, - ამბობს ვალერი რადიო თავისუფლებასთან.

ვალერი თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. წლების განმავლობაში სათბურებსა და ბაღებში მუშაობდა, სადაც დატვირთულ სამუშაოში დღიურად 15-20 ლარამდე უხდიდნენ. გერმანიაში მას საათში მინიმუმ 9.5 ევროს, ანუ იმაზე თითქმის ორჯერ მეტს გადაუხდიან, რასაც საქართველოში ერთ დღეში იღებდა.

„ფეისბუკზე კომენტარიც დავწერე იმ ადამიანების მისამართით, ვინც ამ დასაქმებას მონობას ეძახდა. როცა საქართველოში 1.5, ყველაზე დიდი, 2 ლარს გიხდიან საათში, ნამდვილად არ არის მონობა საათში 38-ლარიან ანაზღაურებაზე დათანხმდე, მით უმეტეს, როცა პატიოსნად და ღირსეულად შრომობ, ვფიქრობ, არ ხარ მონა. დღეს არსებული დამოკიდებულებით კი ჩვენივე ქვეყანაში ვართ მონები. როცა სახელმწიფო თვითგანვითარებაში არ გეხმარება, უცხოეთიდან მიღებული შემოთავაზება ასეთ დროს, მგონია, რომ სწორად უნდა გამოიყენო“.

პანდემიის გამო დადგენილმა შეზღუდვებმა მისი ოჯახური მცირე ბიზნესიც დააზარალა. როგორც თავად ამბობს, „პანდემიამ ჩაძირა“. 13 წლიდან კურდღლების საშენი ჰქონდა, რამდენიმე რესტორანსაც ამარაგებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რესტორნები დაიხურა, 300-მდე კურდღლის ერთიანად ჩაბარება და ბანკში აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება მოუწია. ახლა მხოლოდ ეს ორი კურდღელი დარჩა, ისიც დისშვილების გასახარებლად.

სეზონურ სამუშაოზე წასვლა უნდა, მაგრამ დარეგისტრირება ჯერ ვერ გადაუწყვეტია ია ჩაჩურაშვილს. გერმანული ენის სპეციალისტი უჯარმაში ცხოვრობს, სკოლის მასწავლებელია და შემოსავალი მასაც არ ჰყოფნის.

„ზაფხულში სკოლის არდადეგების პერიოდში წავიდოდი. რის გამოც ვიკავებ თავს, არის ის, რომ, პირველად ტარდება ასეთი პროგრამა და ჯერ არ ვიცი, რა იქნება, როგორი პირობებია, რა დაგვხვდება, თორემ ტექნიკაც უფრო განვითარებული აქვთ, გრაფიკი განსაზღვრულია, სამუშაო პირობები, ალბათ, უკეთესი იქნება, ვიდრე თურქეთშია ან სხვაგან“.

სხვისი დაქირავებული არასდროს ყოფილა, მაგრამ საკუთარი მეურნეობის მოვლის გამოცდილება აქვს. გერმანელი ფერმერებისთვის აუცილებელი არა, მაგრამ სასურველია, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველს ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

საიტზე https://workabroad.moh.gov.ge/ დარეგისტრირებული სამსახურის მაძიებლებიდან კანდიდატებს თავად დამსაქმებლები შეარჩევენ. პირველი ნაკადი გერმანიაში 2021 წლის აპრილში წავა. ახალი ვაკანსიების გამოცხადება იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დასჭირდებათ გერმანელ ფერმერებს მომავალში.

18 თებერვლის მონაცემებით, 65 821 მსურველს ჰქონდა სააპლიკაციო ფორმა შევსებული. ამას ემატება დაინტერესებული ადამიანების ის რიცხვი, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ წასვლა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუმცა აინტერესებთ, როგორი იქნება სამუშაო პირობები, სად იცხოვრებენ, რამდენი საათი მოუწევთ მუშაობა და სხვა დეტალები.

რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის საიტზე გამოქვეყნებული კითხვებიდან შეარჩია 7 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა.

  1. როგორი იქნება სამუშაო გრაფიკი?
  2. რამდენი მექნება ანაზღაურება?
  3. როგორია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები?
  4. რა ხარჯის გაწევა მომიწევს?
  5. შესაძლებელია თუ არა გერმანიაში დამსაქმებლის შეცვლა?
  6. სავალდებულოა თუ არა უცხო ენების ცოდნა?
  7. ვის უნდა მივმართო გერმანიაში შრომითი უფლებების დარღვევის ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის არსებობის შემთხვევაში?

1. როგორი იქნება სამუშაო გრაფიკი?

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საქმიანობის მინიმუმ 30 საათი კვირაში.

სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი, დაახლოებით, 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა მოცემული იქნება დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში.

2. რამდენი მექნება ანაზღაურება?

გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასი საათში სულ მცირე 9,50 ევროა (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი - 5%.

იქნება თუ არა ამაზე მეტი ანაზღაურება, ამას უშუალოდ დამსაქმებელი ადგენს.

ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივი, გამომუშავებაზე დაფუძნებული, რაშიც იგულისხმება შეგროვებული მოსავლის რაოდენობა, ან კომბინირებული (საათობრივი ანაზღაურება + გამომუშავებაზე დაფუძნებული ბონუსი).

3. როგორია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები?

დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი დასაქმების პერიოდში უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით. მუშაკი შეიძლება განთავსებული იყოს საერთო საცხოვრებელში. საცხოვრებლის ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).

4. რა ხარჯის გაწევა მომიწევს?

  • გამგზავრებამდე: პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში);
  • მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • PCR ტესტირება კოვიდ-19-ზე.

გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში:

  • საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ;
  • კვების ხარჯი (დაახ. 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.

5. შესაძლებელია თუ არა გერმანიაში დამსაქმებლის შეცვლა? ​ შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმება, ფორმდება კონკრეტულ დამსაქმებელთან. შესაბამისად, სხვა დამსაქმებელთან გადასვლა არ არის შესაძლებელი. ახალ დამსაქმებელთან დასაქმებისთვის იგივე პროცედურებია გასავლელი, რაც პირველ დამსაქმებელთან.

6. სავალდებულოა თუ არა უცხო ენების ცოდნა?

სავალდებულო არა, მაგრამ სასურველია, რომ გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველი პირი ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია).

უფრო კონკრეტულად ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს თავად დამსაქმებელი.

7. ვის უნდა მივმართო გერმანიაში შრომითი უფლებების დარღვევის ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის არსებობის შემთხვევაში?

გერმანიაში ყოფნისას ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე, მათ შორის, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე შეგეძლებათ მიმართოთ გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა პასუხისმგებელ ორგანიზაციებს. გამგზავრებამდე დასაქმებულს მიეწოდება ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია.

საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების სქემა ითვალისწინებს 90 დღის შემდეგ დასაქმებული მოქალაქეების/ბენეფიციარების საქართველოში სავალდებულო დაბრუნებას.

ისინი, ვინც გადაწყვეტს, რომ შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩნენ, არალეგალებად ჩაითვლებიან და დეპორტაცია, ანუ ქვეყნიდან გაძევება, ელით; 5 წლამდე ვადით აეკრძალებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და, ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროთ ფულადი ჯარიმა 3.000 ევრომდე. დამატებითი სანქციის სახით შეიძლება იყოს საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვაც.

გერმანიის გარდა, იგეგმება თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა ტიპის სამუშაო ლეგალურად შეასრულონ.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ისრაელთან და ბულგარეთთან, ასევე მიმდინარეობს გარკვეული დიალოგი საფრანგეთთან. ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ეს პროგრამა გაგრძელდება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ ეტაპზე საქართველოს დასაქმების სააგენტოში ჯერ არ შესულა გერმანელი ფერმერების ვაკანსიები, იმისთვის რომ განიხილონ 66 ათასამდე საქართველოს მოქალაქის განცხადება სეზონურად დასაქმების თაობაზე.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG