Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის განკარგულებას


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტში ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან ორი დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

22 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა (89 ხმით, 2-ის წინააღმდეგ) საქართველოს პარლამენტმა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

იმავე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობას 2013-2015 წლებშიც ხელმძღვანელობდა.

ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიის" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.

პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო მოძრაობები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG