Accessibility links

site logo site logo

იოსებ ტყემალაძე: „დელეგატთა ნაწილი ყრილობაზე იმიტომ არ შემოვიდა, რომ ზეწოლას ვერ გაუძლეს“


სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა იოსებ ტყემალაძემ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოწინააღმდეგე ვეტერან მორაგბეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე დღეს გამართული და ჩაშლილი ყრილობისა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტყემალაძემ ვეტერანი მორაგბის - ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერების ბრალდებას კონტრბრალდებით უპასუხა და ისინი თავად დაადანაშაულა ხმის უფლების მქონე დელეგატებზე ზეწოლაში.

„კატეგორიულად ვემიჯნები აგრესიას. ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა სიმშვიდე და იგივეს ვთხოვ ყველას. მით უმეტეს, როდესაც, საქმე ჩვენს საამაყო რაგბის ეხება. ეს ხმაური მასზე კარგად ნამდვილად არ მოქმედებს. დღეს, როდესაც ყრილობაზე მოვედი, დარბაზის გარეთ მყოფთა ნაწილისგან აგრესია დავინახე. სწორედ ეს გადაჭარბებული ემოციებია იმის მიზეზიც, რომ ქვორუმი ვერ შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, დარბაზში გაცილებით მეტი დელეგატი შემოვიდოდა, მათზე ზეწოლა რომ არ განეხორციელებინათ. მადლობა ყველას, ვისაც რაგბი უყვარს და ვისთვისაც ქართული რაგბის წინსვლა მნიშვნელოვანია“ - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატისვე სიტყვებით, იმ კლუბებს, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ, ყრილობამდე შეუთვალა, რომ კარგად დაფიქრებულიყვნენ და ახლავე მომხდარიყო ის, რაც განმეორებით არჩევნებზე მაინც მოხდება.

„ხმათა უმრავლესობა მაქვს. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებზე ჩემი მხარდამჭერების რაოდენობა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება. ამიტომ ვთხოვე ჯერ კიდევ ყრილობამდე, ჩემი კანდიდატურის მოწინააღმდეგე კლუბებს, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. ქართულ რაგბის უმნიშვნელოვანესი პერიოდი უდგას. კლუბებში პრობლემებია, სანაკრებო თამაშებიც კარსაა მომდგარი და კარგი იქნებოდა ზედმეტი ორი კვირა არ დაგვეკარგა“ - დასძინა ტყემალაძემ.

წელიწადზე მეტია, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა ვერაფრით ხერხდება. ბოლოს, საარჩევნო ყრილობა 2020 წლის 30 დეკემბერს გაიმართა, როდესაც ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი ვეტერან მორაგბეზე - ირაკლი აბუსერიძეზე შეაჩერა, მაგრამ საჯარო რეეესტრმა დელეგატთა გადაწყვეტილება არ დააკანონა, რადგან ჩათვალა, რომ ყრილობა წესდების დარღვევით ჩატარდა. ირაკლი აბუსერიძემ დღევანდელ არჩევნებში პროტესტის ნიშნად, მონაწილეობა არ მიიღო. მისი განცხადებით, რაგბიში გარეშე ძალების ჩარევა ხდება და დელეგატებზე ზეწოლა ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG