Accessibility links

site logo site logo

ვახო სანაია მასზე თავდასხმას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს


"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომელსაც გუშინ ღამით რამდენიმე პირი დაესხა თავს, ამ შემთხვევას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. "ფორმულას" ეთერში მან თქვა, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გვიან ღამით ცოლთან, მცირეწლოვან შვილთან, ძიძასთან და რძალთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელებს მის მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ აგრესია ჰქონდათ. მისი თქმით, თავდამსხმელები მისი ვინაობის დადგენამდე ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, მისი ამოცნობის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა:

"მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ ["ფორმულა"], "TV პირველის" მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ".

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის რძალს თავს გუშინ ღამით სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას თავისა და ფეხის არეში დაზიანებები მიაყენეს:

"[ერთ-ერთმა პირმა] შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით ​ჩადენილი დანაშაულისთვის 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG