Accessibility links

site logo site logo

ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა მისი გადადგომის შესახებ ქვეყნის შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა. ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი.

ხაჩატრიანის გათავისუფლებამდე მან გააკრიტიკა ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ. 23 თებერვალს, ნიკოლ აფშინიანმა გამოცემა 1in.am-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სომხეთის შეიარაღებაში არსებული „ისკანდერები“ არ აფეთქდა, ან აფეთქდა მხოლოდ 10%-ით. თავის მხრივ, გენერალმა ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და ზედაპირული შეფასებებით დასკვნების გამოტანა არასერიოზულია.

დღეს, 25 თებერვალს გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ პროტესტს გამოთქვამს დაუსაბუთებელი მიზეზით და სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, თანამდებობიდან ხაჩატრიანის გათავისუფლების გამო.

გენერალური შტაბი ფაშინიანის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ და უპასუხისმგებლო ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ სომეხი ხალხისთვის კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

გენერალური შტაბის განცხადებას მიესალმა ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა", რომელმაც ერევანში 20 თებერვლიდან განაახლა საპროტესტო აქციები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. დღეს დილიდან, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები მსვლელობებს მართავენ და ერევნის სხვადასხვა ქუჩას კეტავენ. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანთან დამარცხების გამო და მის გადადგომას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG