Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვების მოხსნა - პოლიტიკური ფანდი, რომელიც ახალ „ჩაკეტვამდე“ მიგვიყვანს?


„სიტყვა და საქმე“ - ზუსტად ასე გამოუვიდა ახალ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, როცა ჯერ კიდევ გაპრემიერებამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების 80% მოიხსნებოდა, პრემიერ-მინისტრობის პირველივე საათებში კი გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ უკვე მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობა საზოგადოებას.

შეზღუდვების დიდი ნაწილის ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება, პრემიერის მეთაურობით ჩატარებულ საკოორდინაციო საბჭოს პირველივე სხდომაზე იქნა მიღებული. მაგალითად, გადაწყდა, რომ იხსნება შეზღუდვები მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე; აღსაზრდელებს მიიღებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებლის კედლებს დაუბრუნდებიან; იხსნება ზამთრის კურორტები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები; რესტორნები და ბარები სტუმრებს შიდა სივრცეებშიც გაუმასპინძლდებიან და ა.შ.

ის, რომ დღეს, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, ამაზე ექიმები, დარგის სპეციალისტები თანხმდებიან. აი, მაგალითად, 25 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,61%-ია. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი არ სცდება 2,28%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი მკაცრი შეზღუდვების შესამსუბუქებლად, მართლაც მომწიფებულია, თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა, მაშინ, როდესაც პირბადის გამოყენების მაჩვენებელმა 72%-დან 66%-მდე დაიწია, შეზღუდვების თითქმის მაქსიმალურმა მოხსნამ, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გააუარესოს, რასაც კვლავ ხანგრძლივი „ჩაკეტვა“ და ისედაც რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება მოჰყვება.

ასე ფიქრობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, რომელიც ერთი მხრივ, შეზღუდვების მოხსნას დადებითად აფასებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამბობს, რომ ეს ფაქტი ქვეყანას აყენებს რეგულაციების (არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე.

მას მაგალითად მოჰყავს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის (JAMA) მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგები, სადაც მითითებულია მონაცემები, თუ რომელი შეზღუდვის შემსუბუქებას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გართულდეს:

„კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია რესტორნები, სავარჯიშო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობებია. ნაკლები რისკი შემცველია ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა, ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია. 20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია“.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეზღუდვების მოხსნის პრობლემას ვერ ხედავს ექიმი ვახტანგ კალოიანი. თუმცა, ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რაკიღა ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ასეულზეა ჩამოსული, აუცილებლად უნდა დაიწყოს ეპიდემიოლოგიური სამუშაოები, იქნება ეს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება, ლაბორატორიული ანალიზების უზრუნველყოფა შესაბამისი რაოდენობით, იზოლაცია თუ კარანტინში გადაყვანა, სწორედ ისე, როგორ გასულ გაზაფხულზე და ზაფხულში:

„ეს არის სტრატეგიული ჯაჭვი. სამწუხაროდ, დღეს ასეთ აქტიურობას ვერ ვხედავ. არ ჩანს. თითქოს ყველა გადართულია ვაქცინაზე და არავინ მუშაობს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების მოკვლევის კუთხით. რა ტარდება და როგორ. დღეს სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, ვიდრე თავად შეზღუდვების მოხსნა. როდესაც ქვეყანაში ათასობით დღიური შემთხვევა გვაქვს, ცხადია, იქ არანაირი აზრი არ არის კონტაქტების კვლევისა და რაც მთავარია, ძალიან რთულია და ამის რესურსი, არცერთ ქვეყანას არ აქვს. მაგრამ ახლა თავისუფლად შეგვიძლია ამ ღონისძიებების გატარება. რასაც მე ვადევნებდი თვალს, ვერ ვნახე, რომ ამ მიმართულებით, ქვეყანაში განხორციელდა ჯგუფების გადამზადება, გამოიყო დამატებითი რესურსი და ა.შ. შეზღუდვები მოსახსნელია, თუმცა, ეს მოხსნა უნდა განხორციელდეს გონივრულად და არა ერთი ხელის მოსმით. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში იკლებს ნიღბების მოხმარების მაჩვენებელიც. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესის მართვა შესაბამისად ვერ ხდება“.

მიმდინარეობს თუ არა ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება და კვლევა ახლა, როდესაც ქვეყანაში დაავადების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო და რამდენიმე ასეულზე ჩამოვიდა? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსს, ანა კასრაძეს. ანა კასრაძე გვპასუხობს, რომ ამ ტიპის კვლევები, არც შეწყვეტილა:

„დადებით შემთხვევებთან ინტერვიუ და კონტაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება არც არასდროს შეწყვეტილა და ყოველთვის მიმდინარეობდა“.

თუმცა, გასული წლის 18 ივნისს, რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში, აი რას გვპასუხობს ანა კასრაძე კონტაქტების მოძიების შესაძლებლობებზე:

„ჩვენ რომ გვქონოდა დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა, ისე როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშია, კონტაქტების მოძიება აზრს დაკარგავდა და შეუძლებელიც იქნებოდა. კონტაქტების მოძიების მიზანია, რომ არ გავრცელდეს ვირუსი“.

ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დარგის სპეციალისტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ახალმა პრემიერმა და მისმა გუნდმა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მიიღო. ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ დაწყებულა, შეზღუდვები კი მაქსიმალურად მსუბუქდება, გაზაფხულზე ქვეყანა კვლავ მორიგი „ჩარაზვის“ საფრთხის წინაშე დადგეს:

„ყველა ჯერზე, როდესაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს, ის პანდემიასთან დაკავშირებით იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ახლაც იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვითომ დაამშვიდონ და დააწყნარონ, მოხსნეს შეზღუდვები. შეზღუდვები მოსახსნელი იყო, მაგრამ შეზღუდვების მოხსნა რომ ემთხვევა პოლიტიკურ კრიზისს და პრემიერების ცვლილებას, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელია მოხსნა და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ცალსახად მეტყველებს, რომ ამ რეჟიმს არანაირი მზაობა არ აქვს, რომ შეზღუდვების მოხსნას ხელახალი აფეთქება არ მოჰყვეს. მაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის არ არსებობის პირობებში, ჩვენ გვექნება ისევ ქაოსი და საბოლოო ჯამში, მაისში ისევ ჩაკეტვამდე მივალთ. ამის ალბათობა ძალიან მაღალია“.

რას ველოდით და რა ჩამოვიდა

არადა, თუკი გასული ზაფხულის, გნებავთ, დეკემბრის დაპირებებს გავიხსენებთ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომელიც ვაქცინას მიიღებდა.

აი, მაგალითად, რას ამბობდა გასული წლის 29 ივლისს, „ტვ პირველისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობს „გავის ალიანსთან“ (ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში „გავის ალიანსის“ საშუალებით 4 ახალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში), ვიქნებით ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როცა ვაქცინა მიიღებს დადასტურებას სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოდან, რომ ის არის უსაფრთხო მოსახლეობისთვის“.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გასული წლის დეკემბერში გვპირდებოდა, რომ საქართველო მსოფლიოსა და ევროპაში იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებდა:

„პირველი არის ბრიტანეთი. მან დაიწყო უკვე. მეორე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ასევე დაიწყებს. ამას მოჰყვება გერმანია და სხვა ქვეყნები. მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, ჩვენ ვიქნებით პირველი ჩვენი რანგის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში და ევროპაში, ვინც მიიღებს ვაქცინას. ეს არის ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჩვენი ძალიან გამიზნული და სწორი ქმედებების შედეგი. საქართველო სხვებზე ადრე დაფიქსირდა, როგორც ამ ვაქცინის მიღების მსურველი და უკვე წინსწრებით გადაიხადა ოთხი მილიონი დოლარი, რაც არის გარანტია, რომ ერთ-ერთი პირველი მივიღებთ ამ ვაქცინას“.

საქართველომ covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმას, რომელიც ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერაა შექმნილი, გასული წლის შემოდგომაზე მართლაც გადაურიცხა 700 ათასი ადამიანის სამყოფი დოზა ვაქცინის შესაძენი თანხა, 4 მილიონი ამერიკული დოლარი, თუმცა, 29 250 დოზა „პფაიზერის“ ვაქცინამ, რომელიც ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებისთვის, სწორედ „კოვაქს პლატფორმის“ გავლით უნდა მიგვეღო, საქართველომდე ვერ მოაღწია.

რა დამატებით გარანტიებს სთხოვს „პფაიზერი“ საქართველოს?

24 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყანამ რამდენიმე დამატებითი პირობა უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ საქართველოში „პფაიზერი“ შემოვიდეს. ამჯერად უკვე მარტის ბოლოსკენ. კონკრეტულად რა პირობების შესრულებაზეა ლაპარაკი, ამ დეტალებზე ჯანდაცვის სამინისტრო არ ლაპარაკობს იმ მოტივით, რომ უწყების განმარტებით, ხელშეკრულების ნაწილი „გაუთქმელობის პირობითაა“ შევსებული. ერთადერთი, ისინი აცხადებენ, რომ „პფაიზერი“ და „კოვაქსი“ საქართველოსგან გამართული ცივი ჯაჭვის გარანტიებს ითხოვენ.

თუმცა, მედიაში ნელ-ნელა ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარმაცევტული გიგანტი „პფაიზერი“, ქვეყნებისგან ისეთი პირობების შესრულებას ითხოვს, რომელთა სისრულეში მოყვანაც ხშირად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მეტიც, ოფიციალური პირები ამ მოთხოვნებს „მაღალი რანგის ბულინგსაც" უწოდებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წაყენებული მოთხოვნების გამო, უკვე შეთანხმებული ვაქცინების დოზების ჩატანა ამა თუ იმ ქვეყანაში თვეობით დაიგვიანებს.

მაგალითად, ასეთ ქვეყნებს შორისაა ლათინური ამერიკის ქვეყნები. საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს ცნობით, იმისათვის, რომ „პფაიზერმა“ მომავალში თავიდან აიცილოს სასამართლო დავები, ფარმაცევტული კომპანია რიგ ქვეყნებს უძრავი ქონებით სთხოვს გარანტიებს, მაგალითად, ისეთი ქონებით, როგორიცაა საელჩოების შენობები, სამხედრო ბაზები. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურო ავრცელებს.

ბიუროს ცნობითვე, არგენტინისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა ვინაობაც ანონიმურია, რადგან მათ „პფაიზერთან“ კონფიდენციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აცხადებენ, რომ კომპანიის მომლაპარაკებლებმა მოითხოვეს დამატებითი გარანტიები იმისათვის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აცრის შემდეგ მოქალაქეებს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდებათ, ისინი კომპანიის წინააღმდეგ არ დაიწყებენ სასამართლო დავას.

წაუყენა თუ არა მსგავსი ტიპის მოთხოვნები „პფაიზერმა“ საქართველოს, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ კომპანიისგან დამატებითი მოთხოვნების შესრულების წერილი მიიღო, რომელიც ქართულმა მხარემ ამ დღეებში უნდა განიხილოს. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ:

„ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და გვეცოდინება, როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 დოზას. ამ დოზებს ველოდებოდით თებერვლის ბოლომდე, თუმცა „პფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც ვაქცინა ჩვენთან ერთად უნდა მიეღოთ, მიწოდება გადავადდა. მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ უკვე მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდით“.

რაც შეეხება მეორე ვაქცინას, 300 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“, რომელსაც ასევე ველით „კოვაქსის“ გავლით, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ეს ვაქცინა „თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში".

25 თებერვლის, Bloomberg-ის მონაცემებით, დეკემბრის თვიდან მოყოლებული, მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, 218 მილიონი ადამიანია აცრილი.

24 თებერვალს, განას რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 30 მილიონს შეადგენს, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 600 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“ „კოვაქს პლატფორმის“ დახმარებით მიიღო. სამედიცინო პერსონალისა და 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრას განა მომავალ კვირაში დაიწყებს. მიმდინარე კვირის ბოლოს კი „კოვაქსისგან“ ვაქცინას მიიღებს მეზობელი კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა.

XS
SM
MD
LG