Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო წვრთნა


რუსეთის საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში
რუსეთის საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ნიქოზსა და ერგნეთში, დილიდან ესმით ოკუპირებული ტერიტორიიდან წამოსული აფეთქებების და სროლის ხმა. დიდი ლიახვის ხეობის ოკუპირებულ სოფელ ძარწემის პოლიგონზე საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო წვრთნას გადის. ოსური მედიის ცნობით, სწავლება 19 თებერვალს მთიან რელიეფზე სნაიპერების მომზადებით და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ტაქტიკის სწავლებით დაიწყო. ბოლო დღეებში კი უკვე საარტილერიო მომზადება მიმდინარეობს.

აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერია, რომ ქართულ სოფლებში სახლების ფანჯრები ზანზარებს. სოფელ ერგნეთის მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს, რომ ერგნეთელებისთვის აფეთქებების ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა „ეს უკვე წლებია გრძელდება. წვრთნები პერიოდულად მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას ეს ხმები ესმის და შეწუხებულია. შიშიც იგრძნობა ხალხში. როცა ეს ხმები აქამდე აღწევს, იმდენად ძლიერია, რომ შუშებიც კი ზრიალს იწყებს.“

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც გამოეხმაურნენ. სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს. უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას. ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მეოთხე სამხედრო ბაზა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა. ამ ბაზის სამხედრო მოსამსახურეები გარკვეული პერიოდულობით ოკუპირებულ სოფელ ძარწემის პოლიგონზე სამხედრო წვრთნას ატარებენ. ოკუპაციის ხაზთან მდებარე ქართულ სოფლებში კი განსაკუთრებით საარტილერიო სწავლებების ხმა ესმით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG