Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის გამოძიება დასრულდა. ყველა მხარე უკმაყოფილოა


მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია ცხინვალში
მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გენერალურმა პროკურატურამ დაასრულა ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის გამოძიება და მასალებს მალე სასამართლოში გადაგზავნის. ამ საქმეზე ძალოვანი უწყებების 7 თანამშრომელია დაკავებული. ბრალდებულთა დაცვის მხარე ბრალდების გასაჩივრებას და საქმის გამოძიებაში დაბრუნებას მოითხოვს. ამასობაში ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა 24 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ინალ ჯიბიევის გარდაცვალების ფაქტზე” წინასწარი გამოძიება დასრულების ეტაპზეა: „ამჟამად ბრალდებულებმა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა დაიწყეს. ამის შემდეგ დაზარალებულ მხარეს მიეცემა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება”, - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალებისთანავე, გასული წლის აგვისტოს ბოლოს, გამოძიება დაიწყო. ამავე დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი. ამ დროისთვის საქმეში შვიდი ადამიანია ეჭვმიტანილი.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატმა, იკრამჟან რამატოვმა, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ გამოძიება ითხოვს მათი პატიმრობის გახანგრძლივებას, რადგან მხარეები საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებენ. ადვოკატი აცხადებს, რომ მასალებში უამრავი დარღვევაა აღმოჩენილი.

„ვფიქრობ, სასამართლო პროცესი სწრაფად დაიწყება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დაირღვა კანონის ძირითადი მოთხოვნები, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე გამოძიებას უკან დაუბრუნდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრალდებები ზოგადად არ არის დასაბუთებული რაიმე მტკიცებულებით, როგორც ობიექტური, ისე თვითმხილველების ჩვენებების სახით. საქმეში არ არის არც ერთი მოწმე, არც ერთი ობიექტური მტკიცებულება. თუ გადავხედავთ, რა არის მათი დაკავების საფუძველი? - მოწმეების ან დაზარალებულთა ჩვენებები პლუს გარკვეული სახის მტკიცებულებები - ვინმეს მონაწილეობა ნებისმიერ ჩადენილ დანაშაულში? - არც ერთია, არც მეორე და არც მესამე. ან დანაშაულის კვალი, ან ნივთებში ბიოლოგიური კვალის აღმოჩენა - არც არაფერი! ისინი ასევე ამბობენ, რომ დანაშაული შენობაში მოხდა, მაგრამ არც იქ არის კვალი. ამრიგად, რა მტკიცებულების საფუძველზე იქნა წარდგენილი ბრალდება, ჩვენთვის გაუგებარია. ეს არის უსაფუძვლო ბრალდებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ბრალდებები აქ კეთდება ზევიდან ბრძანების საფუძველზე”, - აცხადებს „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ბრალდებულების ადვოკატი.

ინალ ჯაბიევის ცოლის, ოქსანა სოტიევას, თქმით, საქმის მასალების გაცნობას თავადაც ელოდებიან. ის ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება - ესაა გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენება და ინალის საქმის სამართლიანი გამოძიება. დაღუპულის ოჯახი არ ეთანხმება გამოძიებას იმ ნაწილში, რომ საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

„არ ვიცი, რამდენად მალე ვიპოვით გამოსავალს ამ მდგომარეობიდან ... მაიას (ინალ ჯაბიევის დედა) ჯანმრთელობა მაინც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ მას არ გავწირავთ ბიბილოვის გულისთვის, რადგან, რა თქმა უნდა, მას ჩვენ არ ვაინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არა მხოლოდ მისი მომხრეების პრეზიდენტია, ის ჩვენი პრეზიდენტიცაა და უნდა იზრუნოს ჩვენზე, როგორც ეს წერია კანონში. მაგრამ ის არ ზრუნავს ჩვენზე, ის დასაშვებად მიიჩნევს, რომ ჩვენ აქ დავიხოცოთ. როგორც კი გამოსავალს ვიპოვით, გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ შემდეგ”.

ინალ ჯაბიევის დედა, მაია ჯაბიევა, ორი დღის წინ საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ემოციური საუბარი ჰქონდა. მაია ჯაბიევას მდგომარეობას ახლა ექიმები აკონტროლებენ. მისი ნათესავების ცნობით, თავის ძლიერი ტკივილები აქვს და წამოდგომა არ შეუძლია.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ ბიბილოვი ხელს აფარებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს. ის არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო მასალებს შეგნებულად აფუჭებენ, რათა ბრალდებულები მართლმსაჯულებას გაექცნენ.

„როგორც დაკავებულების ადვოკატმა თქვა, საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, არც თვითმხილველების ჩვენებები, არც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური მასალა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას თითი თითზე არ დაუკარებია და ცდილობს, ეს საქმე როგორ გააფუჭოს, იმისთვის რომ დაკავებულებს ვერ დაუმტკიცდეთ დანაშაული და მალე გათავისუფლდნენ. ასე ფიქრობს აქ საზოგადოების დიდი ნაწილი, ამას კარგად ხედავს დაღუპულის ოჯახიც და იმიტომაა გამოძიების მიმართ უნდობლობა. ეს კი იმ პროკურორის ზედამხედველობით ხდება, ვის ხელშიც იყო ინალ ჯაბიევი, ვისაც თავის დროზე კანონი უნდა დაეცვა და ახლა საკუთარ თავს ხომ არ დასჯის?! ხვალ საზოგადოებისა და მოკლულის ოჯახის წევრების შეხვედრა იგეგმება პარლამენტში. ალბათ, გაფიცული დეპუტატები და ოჯახი მომავალ სამოქმედო გეგმას დასახავენ“.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

ორი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG