Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი სროლის შედეგად გარდაიცვალა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე, პოლიციის მხრიდან დევნისას „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“.

რუსთაველის ქუჩაზე ყაჩაღობის ფაქტი დღის პირველ ნახევარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG