Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის საქართველოსადმი გვერდში დგომის დასტურია


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე და ეს ცალსახა დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც თავის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში.

ზალკალიანის თქმით, ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზე ბორელის ვიზიტის ფონზე, რომლის დროსაც განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონში შექმნილი ვითარება, მათ შორის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტი.

დავით ზალკალიანის სიტყვებით, შარლ მიშელის ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სწორედ იმ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოს და რეგიონს აქვს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებსა და სხვა პროვოკაციულ ქმედებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მიშელი ასევე გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

„ვისაუბრებთ როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ასევე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდაზე, რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის და გარემოებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და მიმდინარე წელს დაგეგმილი სამიტისთვის მზადების საკითხები.

„ბუნებრივია, საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი, ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან - პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერსა და პრემიერ-მინისტრთან. იგეგმება ასევე შარლ მიშელის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ზალკალიანის ინფორმაციით, ეს შარლ მიშელის პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელიც დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტების დროს/საპასუხოდ და ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის, მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG