Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ბოჭორიშვილი: "ნუ შევხედავთ შარლ მიშელის ვიზიტს მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით"


„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით არ უნდა იყოს განხილული. მისი სიტყვებით, შარლ მიშელის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკის კუთხით.

„მოდით, ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ძალიან ვიწრო ჭრილში. ვიზიტს, რა თქმა უნდა, ექნება ის კომპონენტიც, რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას და განხილული იქნება ეს საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა ამ ვიზიტს აქვს იმ საგარეო-პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც გააკეთეს - ისინი „მკაფიო მესიჯების“ მოლოდინში არიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თვითმფრინავი საქართველოში, 28 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაეშვება.

მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დაგეგმილია დახურული შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან.

საქართველოს შარლ მიშელი 2 მარტს დატოვებს და უკრაინაში გაემგზავრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG